ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაახლოებით 1.5 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ შსს ერთ კვირაში გასცემს მათ პასუხს ოპოზიციის მხარდამჭერების ”პოლიტიკურად მოტივირებულ” საქმეებზე და ასევე მათ მიეცემათ შსს-ს ხელმძღვანელობასთან შეუფერხებელი კონტაქტის შესაძლებლობა. ”შეთანხმება შედგა, რომ ის მასალები და კონკრეტული მონაცემები, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრს, მათი მხრიდან შესწავლილი იქნება და დაახლოებით ერთ კვირის ვადაში კონკრეტული პასუხები იქნება შსს-ს მხრიდან. ასევე ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნება შესაძლებლობა 24-საათიან რეჟიმში ოპოზიციიდან კავშირის საშუალების შსს-ის ხელმძღვანელობასთან, თუკი პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერები გაგრძელდება,”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების და ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა. ”ეს ორივე ნაბიჯი, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი კეთილი ნების ნაბიჯი,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მომდევნო ერთი კვირა იქნება ხელისუფლების გამოცდა, თუ რამდენად შედეგიანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ასევე ესწრებოდნენ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი ზურაბ აბაშიძე, ასევე ალიანსიდან რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი და ახალი მემარჯვენე ფიქრი ჩიხრაძე, პარტია თავისუფლებიდან სანდრო ბრეგაძე, მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, ტრადიციონალისტთა კავშირიდან აკაკი ასათიანი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელსაც ერთი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში. საპარლამენტო უმცირესობიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ დეპუტატები ლევან ვეფხვაძე ქრისტიან-დემოკრატებიდან, ჯონდი ბაღათურია ქართული დასიდან და პაატა დავითაია, პარტია ჩვენ თვითონ ლიდერი. შეხვედრაზე ასევე მივიდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელსაც ამ პოსტზე ვადა სექტემბერში ეწურება. სუბარმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური ტერორი, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო. ”ჯერ დაველოდებით შედეგებს და მერე ვიტყვით დადებითია თუ უარყოფითი [შეხვედრა],” - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუბარმა ჟურნალისტებს. დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მან წარადგინა 10-კაციანი სია, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებს დაკავებულების ნათესავებმა მიაწოდეს. მისი თქმით, ხელისუფლებას ამ პირების გათავისუფლებით ეძლევა მარტივი შანსი, რათა რეალური ნაბიჯები გადმოდგას ოპოზიციისკენ ნდობის აღდგენის კუთხით. |
|||
Civil.Ge © 2001-2025