ოპოზიცია გმობს ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Aug.'09 / 15:14

ოპოზიციური პარტიები ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას გმობენ.

”ეს არის ყველაზე სახიფათო საკადრო გადაწყვეტილება, რაც კი სააკაშვილს ბოლო 6 წლის მანძილზე მიუღია. ეს ნიშნავს რომ სააკაშვილმა დაასრულა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა,”- განუცხადა Civil.ge-ს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 28 აგვისტოს.

”ეს ქმნის ახალი ავანტიურების სერიოზულ საფრთხეს, რაც არის ასევე სახიფათო გზავნილი ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის და ასევე სამხედრო სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის,”- აღნიშნა მან.

პარტია საქართველოს გზა პრეზიდენტის ამ საკადრო ცვლილებას კატეგორიულად აპროტესტებს, როგორც” ქართული ჯარის წინააღმდეგ აგრესიას”.

”ხელისუფლება ბოლო წერტილს უსვამს ჩვენი ჯარის დამცირებასა და შეურაცხყოფას და ახალაიას უნიშნავს მინისტრად. ამით სამხედრო უწყება მთლიანად შინაგან სამინისტროსთან ხდება შეზრდილი, რაც ეწინააღმდეგება ჯარის დეპოლიტიზაციის აღიარებულ დემოკრატიულ პრაქტიკას,”- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტია ასევე მოუწოდებს უცხოელ პარტნიორებს ”და პირველ რიგში ამერიკელებს, როგორც ქართული ჯარის მშენებლობის მთავარ დამფინანსებელს”, ყურადღება გამოიჩინოს ქართულ ჯარში მიმდინარე პროცესების მიმართ.

კონსერვატიული პარტია გამოხატავს რა კატეგორიულ პროტესტს ”ხელისუფლების ყველაზე უფრო რეაქციული, კრიმინალური დაჯგუფების” წარმომადგენლის  თავდაცვის ახალ მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ áƒ”ს ”პრაქტიკულად არმიის ნგრევის და კრიმინალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”.

”საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ბაჩო ახალიას რეპუტაცია – ციხის ბუნტის ამბოხის სისხლიანი ჩახშობის მთავარი ინიციატორი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროსაც, პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზატორი,”- აღნიშნავენ კონსერვატორები, ”ამ გადაწყვეტილებით სააკაშვილმა გააკეთა არჩევანი – მას ჭირდება არმია, რომელიც დაიცავს რეჟიმს და არა სახელმწიფოს”.

იმავდროულად, გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში სათაურით ”ახალაია - ფორმალური მინისტრი, მერაბიშვილი - ფორმალური პრეზიდენტი”, წერს, რომ ახალაიას დანიშვნა ”იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მთავარი ფიგურა უკვე მერაბიშვილი ხდება. შესაბამისად, დღიდან ყველა ძალოვანი უწყება რეალურად მერაბიშვილს ექვემდებარება”.

ამავე სტატიაში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ “თავდაცვის მინისტრის პოსტზე დამნაშავე დაინიშნა”.

ამასთან, ბაჩო ახალაია, რომელიც დავით სიხარულიძის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაშვებმდე მის მოადგილედ მუშაობდა, დღეს სამინისტროში ოფიციალურად იქნა წარდგენილი. ”მოდერნიზება, მშვიდობა და ნატოში ინტეგრაცია - ეს არის ის სამი სიტყვა, რომელიც შემიძლია დღეს ჩვენი სისტემის პრიორიტეტებად გამოვაცხადო,”- განაცხადა მან წარდგენისას.

 

Civil.Ge © 2001-2024