ინვესტიციების დაზღვევის სააგენტო საქართველოსთან ითანამშრომლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Sep.'09 / 15:36

არაკომერციული რისკების დაზღვევის სააგენტომ, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, 1 სექტემბერს საქართველოსთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.

მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო (MIGA), რომელიც მსოფლიო ბანკმა 1988 წელს დააფუძნა, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ახორციელებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოლიტიკური რისკების დაზღვევას რათა დაიცვას ისინი ისეთი რისკებისგან, როგორიც არის ქონების ჩამორთმევა, კონტრაქტის დარღვევა, ვალუტის გადარიცხვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ომი და სამოქალაქო არეულობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოსთან (IRMA) დადებული მემორანდუმის მიხედვით, MIGA-მ ”შესაძლებელია უზრუნველყოს პოლიტიკური რისკების დაზღვევა შესაბამისი კატეგორიის ინვესტორებისთვის და პროექტებისთვს,” - იუწყება მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი.

თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს სააგენტო მიაწვდის შესაბამისი კატეგორიის უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ინფორმაციას MIGA–ს პროდუქტების და მომსახურებების შესახებ  და გაუწევს მათ მომსახურებას პოლიტიკური რისკების შეფასების მიზნით.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად კომპონენტს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. მისი თქმით ინვესტორთა ინფორმირება პოლიტიკური რისკების შემცირების საშუალებებზე ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს,

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2009 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 124.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2008 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 537.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.

Civil.Ge © 2001-2024