ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ქართველი სამხედროების ავღანეთისთვის მომზადება დაიწყეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Sep.'09 / 18:31

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფმა დაიწყო ქართველი სამხედროების ”ინტენსიური მომზადება” ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

31-ე ქვეითი ბატალიონი ექვსთვიანი მომზადების შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში, რომელსაც შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა უხელმძღვანელებს.

მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციების წარმოებისათვის ქართველი ჯარისკაცები  ექვსთვიან ტაქტიკურ მომზადებას შეერთბეული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაივლიან.

თბილისში აშშ-ს საელჩოს ცნობით, მომზადება არ ითვალისწინებს ქართული მხარისთვის იარაღის მიწოდებას.

ანალოგიური წვრთნა ქართველმა სამხედროებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ერაყში განთავსებამდეც გაიარეს. საქართველომ 2,000-მდე სამხედრო ერაყიდან რუსეთთან შარშანდელი ომის დროს გამოიყვანა. თუმცა იმ დროს, როდესაც ქართველი სამხედროები ერაყიდან დაბრუნდნენ, აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო.

Civil.Ge © 2001-2024