ბაღაფშმა 'საზღვრის დამრღვევი’ ქართული გემების განადგურების ბრძანება გასცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Sep.'09 / 11:18

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გასცა ბრძანება განადგურდეს ყველა ის ქართული გემი, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს” და უარყო ადრე გავრცელებული ცნობა, რომ ამ საქმეში რუსი მესაზღვრეებიც ჩაერთვებიან. 

”მე ვუბრძანე ჩვენს სამხედრო-საზღვაო ძალებს გაანადგურონ ქართული გემები, რომლებიც აფხაზეთის საზღვაო საზღვარს დაარღვევენ. ეს ნაბიჯი ნაკარნახევია საქართველოს მხრიდან შეუჩერებელი მეკობრული მოქმედებებით,”- იუწყება  2 სექტემბერს ”ინტერფაქსი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

29 აგვისტოს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ევგენი ინჩინმა და ასევე სეპარატისტული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსმა ზურაბ მარგანიამ გააკეთეს იდენტური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში მიმავალ გემებს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთობლივად დაიცავენ. ინჩინმა განაცხადა, რომ გემების ”ხელშეუხებლობა” რუსეთის კატარღების მიერ ”უახლოეს ხანებში” იქნებოდა უზრუნველყოფილი.

”მინდა აღვნიშნო, რომ საუბარია მხოლოდ აფხაზეთის სამხედრო საზღვაო ფლოტზე. არავითარი რუსული სამხედრო-საზღვაო ძალები აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში არ იღებენ მონაწილეობას და არც მიიღებენ,”- განაცხადა ბაღაფშმა.

მან საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ აფხაზეთში ”უკანონო” ნაოსნობისთვის ბოლო დროს გემების დაკავება  ”სომალურ მეკობრეობას” კიდევ ერთხელ შეადარა, რომელსაც, მისი თქმით, ”ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს”.

15 აგვისტოს ქართული სანაპირო დაცვის მიერ დაკავებული გემის "BUKET”-ის ოპერატორი თურქული კომპანიის განცხადებით, გემი საერთაშორისო წყლებში იქნა დაკავებული და არა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. წყლებში.

Civil.Ge © 2001-2024