აშშ-ის მიერ ქართველი სამხედროების ავღანეთისთვის წვრთნის ზოგიერთი დეტალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Sep.'09 / 16:46

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ 3 სექტემბერს ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მოსამზადებელი პროგრამის ზოგიერთი დეტალი გამოაქვეყნა.

წრთვნები, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის 40 სამხედრო ინსტრუქტორი ატარებს, ამ კვირაში დაიწყო კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე.

საწვრთნელი პროგრამა ორწლიანია და დაყოფილია ოთხ ექვსთვიან ნაწილად - თითოეულ ექვსთვიან მომზადების ფაზაში მონაწილეობას თითო ქართული ბატალიონი მიიღებს, რომლებიც როტაციის პრინციპით იმსახურებენ ავღანეთში.

პირველი შენაერთი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მომზადებას გადის áƒ›áƒ”-3 ბრიგადის, 31-ე მსუბუქი ქვეითთა ბატალიონია - სულ 750 ჯარისკაცი.

როგორც ცნობილია, საქართველო ერთ ასეულს ავღანეთში გვიან შემოდგომით გააგზავნის, რომელიც ადგილზე საფრანგეთის სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმსახურებს.

ამ ასეულის გაგზავნის შემდეგ, ავღანეთში უკვე 31-ე მსუბუქი ქვეითთა ბატალიონიც გაემგზავრება 2010 წლის მარტში და ეს შენაერთი იქ აშშ-ის სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმსახურებს.

მომზადების თითიოეული ოთხი ეტაპი, თავის მხრივ კიდევ ექვს ფაზად იქნება დაყოფილი და ამ ექვსი ფაზის ბოლო ეტაპზე ქართველი სამხედროები, ავღანეთში გამგზავრებამდე, წვრთნებს გერმანიაში, ქალაქ ჰოჰენფელსში არსებულ მრავალეროვნული მომზადების ცენტრში გაივლიან.

მომზადების პროგრამაში შესულია წვრთნები მანევრებში, მიზანში სროლაში, ავტომობილის მართვაში, ლოჯისტიკაში და სამედიცინო დახმარების გაწევაში, იტყობინება აშშ-ის ევროპული სარდლობა.

”ამ პროგრამის განსახორციელებლად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა მისი რიგებიდან საუკეთესოები აარჩია, რათა მათ 31-ე ბატალიონი მოამზადონ. ყველა მათგანს უმსახურია ერაყსა და ავღანეთში, ბევრ მათგანს რამოდენიმეჯერ,” - ნათქვამია აშშ-ის ევროპულმა სარდლობის პრეს-რელიზსში.

Civil.Ge © 2001-2024