სასამართლო პროცესი მუხროვანის საქმეზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Sep.'09 / 19:50

აგვისტოს ბოლოს გამართული წინასწარი მოსმენის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განაახლა 5 მაისს მუხროვანის ამბოხების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდებით დაპატიმრებული 41 პირის სასამართლო პროცესი.

41 ბრალდებულიდან 26 სამხედრო პირია, 15 კი - სამოქალაქო.

12 ბრალდებულს ბრალი ედება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობაში - მათ შორის არიან კობა ოთანაძე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და ლევან ამირიძე, რომელიც იმ დროს რეინჯერების შენაერთის მეთაური იყო თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. ორივე მათგანი პოლიციის მიერ 20 მაისს მათი დაპატიმრების ოპერაციის დროს დაიჭრა, ხოლო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, გია კრიალაშვილი პოლიციამ ”შეიარაღებული წინააღმდეგობის” გაწევის შემდეგ მოკლა, როგორც ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა.

ამ ბრალდებულებს შორისაა ასევე კობა კობალაძე, რომელიც 2004 წლის თებერვლამდე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.

23 ბრალდებულს წაყენებული აქვს მუხლი: სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა.

ხუთს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო ერთს - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

3 სექტემბერს გამართულ მოსმენაზე კობა ოთანაძის ადვოკატმა ნათია სირაძემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლე ჯემალ კოპალიანს, რათა დაცვის მხარისთვის მეტი დრო მიეცა საქმის მასალების გასაცნობად, რომელიც 25 ტომისგან შედგება. სირაძემ, რომელიც ოთანაძის დაცვის საქმეში 10 დღის წინ ჩაერთო, განაცხადა, რომ მან საქმის ბოლო 5 ტომი მხოლოდ 2 სექტემბერს მიიღო.

ამ თხოვნას მხარი დაუჭირეს სხვა ბრალდებულთა ადვოკატებმაც, თუმცა პროკურატურამ არ დაუჭირა მხარი მას და ”პროცესის გაჭიანურების” მცდელობა უწოდა. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა, ნათია სირაძემ მისი აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მან ადვოკატს არ მისცა დამატებითი დრო საქმის მასალების გასაცნობად.

”ეს საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ თქვენ ვერ შეძლებთ 41 ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრული საქმის ობიექტურად და სამართლიანად განხილვას და მოვითხოვ თქვენ აცილებას,” - მიმართა სირაძემ მოსამართლეს.

სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს მოსამართლის აცილების წინადადებას; პროკურორები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

აცილების მოთხოვნა მოსამართლემ არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ ადვოკატის მოთხოვნაზე უარის თქმა თავისთავად ვერ ქმნის საფუძველს მოსამართლის აცილებისთვის.

ერთ áƒ›áƒáƒ›áƒ”ნტში განხილვა ადვოკატსა და მოსამართლეს შორის ხანმოკლე კამათში გადაიზარდა, რომლის დროსაც სირაძემ უთხრა კოპალიანს: ”განაჩენი უკვე დაწერილია” - იგი გულისხმობდა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ხელისუფლების მითითებებს ასრულებს და რომ მუხროვანის საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ხოლო სასამართლო პროცესი უბრალო ფორმალობას წარმოადგენს.

მოსამართლე კოპალიანმა ადვოკატს უპასუხა, რომ ამგვარი განცხადება სასამართლოს ”შეურაცხყოფაა” და გააფრთხილა სირაძე, რომ მას დარბაზიდან გააძევებდა, თუ ის კვლავ განაგრძობდა მოსამართლის და სასამართლოს ”შეურაცხყოფას”.

კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა დააყენა, ეხებოდა სასამართლო პროცესის განრიგის შეცვლას. ადვოკატი, რომელსაც სხვა ადვოკატებიც უჭერდნენ მხარს, მოითხოვდა მოსმენებს შორის ინტერვალის გაზრდას არსებული 2-3 დღიდან სულ ცოტა 5 დღემდე. პროკურორები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

სხდომა შესვენების შემდეგ, დღესვე უნდა განახლებულიყო, თუმცა áƒ¨áƒ”სვენების დასრულების შემდეგ ორი ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა,  სასამართლო პროცესი 7 სექტემბრისთვის გადაიდო.  ორ ადვოკატს სხდომაზე დაგვიანებისთვის და სასამართლო პროცესის მუშაობის ხელის შეშლისთვის მოსამართლემ 200-200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

Civil.Ge © 2001-2024