რუსეთი დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Sep.'09 / 18:49

რუსეთის განცხადებით, საქართველოს მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სხდომისთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ მოსახლეობის შესახებ ”კონტრუპროდუქტიულია” და არ ასახავს აგვისტოს ომის შემდგომ რეალობებს.

საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ”შემუშავდეს ვადები ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის” თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პროექტი ასევე მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ასამბლეის 64-ე სხდომაზე წარმოადგინოს ამ რეზოლუციის ”განხორციელებასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი ანგარიში”.

ანალოგიური რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის 15 მაისს მიიღო, თუმცა ის მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა; ხოლო ახალ პროექტში საუბარია დევნილთა დაბრუნებაზე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთშიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი ”წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა” და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს საბაბი, რომ ჩააგდოს ის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსკოვი არ შეეცდება საკითხის ”პოლიტიზირებას”.

რუსეთმა და მასთან ერთად სხვა ათმა ქვეყანამ (სომხეთი, ბერალუსი, კორეა, ინდოეთი, ირანი, მიანმარი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, სუდანი, სირია და ვენესუელა) მხარი არ დაუჭირა ანალოგიურ რეზოლუციას 2008 წლის მაისში. 14 ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 105-მა თავი შეიკავა.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა 3 სექტემბერს, რომ რეზოლუციის პროექტი ”ვერ ასახავს არსებულ რეალობას”.

”და რეალობა ის არის, რომ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - წარმოიშვა რეგიონში და როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ისე მის უცხოელ მფარველებს მოუწევთ ადრე თუ გვიან ამ ფაქტის გათვალისწინება,” - განაცხადა მან.

”ჩვენი მხრიდან, მზად ვართ კონსტრუქციული მუშაობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა რეზოლუციის პროექტი დაბალანსებული გავხადოთ, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელსაც რეგიონში ჰქონდა ადგილი,” - დასძინა ნესტერენკომ.

 

Civil.Ge © 2001-2024