სააკაშვილი: გაეროს რეზოლუცია რუსეთის ”დიპლომატიური მარცხია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Sep.'09 / 12:31

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების შესახებ, რომლის მიღებაც 9 სექტემბერს ”რუსეთის შანტაჟის” მიუხედავად მოხერხდა.

”ეს დიპლომატიური მარცხი რუსეთის დღევანდელი მთავრობისთვის უცნაურიცაა და სამარცხვინოც, რადგან დღევანდელი რეზოლუციის თანახმად, ადამიანები, რომლებიც გამოაძევეს და წაართვეს ქონება, უნდა დაბრუნდნენ უკან,”- განაცხადა სააკაშვილმა 9 სექტემბერს საღამოს საგანგებო გამოსვლისას.  

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა და ასევე მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ხაზს უსვამს ამ რეგიონებში ”ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელებისთვის შეუფერხებელი შესვლის უკიდურეს საჭიროებას”.

”მარტო ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა შანტაჟის, ზემოქმედების, მოქრთამვის ყველანაირი ფორმა, რაც კი გააჩნდა და რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან. ზოგიერთ ქვეყნებს ის პირდებოდა ფინანსურ დახმარებას, ზოგს აშინებდა, დააშინეს კიდეც რამდენიმე თანამდებობის პირი, რომლებსაც უნდა წაეყვანა ეს სხდომები და რომლებსაც უნდა განეხილა საპროცედურო საკითხები,”- აღნიშნა სააკაშვილმა.   

”მიუხედავად რუსეთის დიდი ზემოქმედებისა, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების კულუარებში მსჯელობისა ბუნებრივი გაზის ფასთან დაკავშირებით, ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, ამჯერად, მთელი შემადგენლობით, მთლიანად ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი დევნილების უპირობო დაბრუნების უფლებას,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის ამგვარი მიდგომების ფონზე არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მოსკოვს ნორმალური ურთიერთობები ექნება საქართველოს არაოკუპირებულ áƒœáƒáƒ¬áƒ˜áƒšáƒ—ან.

”მსურს ვუთხრა ყველას, ვისაც კიდევ შერჩა სენტიმეტალური განწყობა რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის მიმართ - მაშინ, როდესაც ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ასეთ საკითხს არ უჭერს მხარს, რა თემაზე ვილაპარაკოთ მათთან, აგრესიულ, სამხედრო -პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან?” - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოში ვერასოდეს იპოვის დასაყრდენს,  ”მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი მცდელობა აქვთ და დიდ ფულსაც ხარჯავენ”.

Civil.Ge © 2001-2024