ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მაისაიას თქმით, მას 20 პირის აგენტებად გამოცხადებას თხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Sep.'09 / 17:34

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი დიპლომატის და სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, ამ უკანასკნელს სამართალდამცავები ”არაოფიციალურ დაკითხვებზე” ცნობილი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ექსპერტებისა და უცხოელი დიპლომატების áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒáƒ¦áƒ›áƒ“ეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებ-გვერდზე 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ მაისაიამ გადასცა 20 პირის სია, რომელთა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას სთხოვენ, მათ შორის არიან: კახა ლომაია, საქართველოს ელჩი გაეროში; გელა ბეჟუაშვილი, საგარეო დაზვერვის უფროსი; დავით ნაირაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;  გიორგი მანჯგალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; ასევე ექსპერტები: თორნიკე შარაშენიძე; ლევან ცუცქირიძე;  უცხოელი დიპლომატები: რობერტ კენეტი, აშშ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; იენ ლენტი და რობ ფულერი, დიდი ბრიტანეთის მისიის დიპლომატები; ბოგდან უდრისტე, ეუთოს მისიიდან.

თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნულია, მაისაიამ იმ პირობებში, როცა მას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 20 წლიანი პატიმრობით ემუქრებოდა, უარი განაცხადა მათ დადანაშაულებაზე, რადგან ”დასახელებული პიროვნებების შესახებ მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია”.

თავად მაისაია, რომელიც  2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, 5 მაისს დააკავეს და მას რუსეთის სასარგებლოდ  ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი დაკავებიდან მეორე დღეს, 6 მაისს განაცხადა, რომ  მაისაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას. ”ის გადასცემდა [აგვისტოს ომის დროს] საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა,” - განაცხადა სააკაშვილმა. ეს განცხადება საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს, როგორც უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ ვახტანგ მაისაია იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარაზე მიუთითებს, რომლის გავლენითაც მან აღიარებითი ჩვენება მისცა სამართალდამცავებს.

”ტელეკამერა ჩართეს. წინ მონიტორი დამიდგეს და სიტყვასიტყვით წამაკითხეს მასზე წინასწარ დაწერილი ტექსტი. არავითარი კონკრეტული სამხილი არ წარმოუდგენიათ. ზეპირი საუბრებით შემოიფარგლნენ. გამომძიებელმა მითხრა, რომ ის პირები, რომლებთანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი, რუსეთის ჯაშუშები აღმოჩნდნენ და თავიანთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ დაკავებულები არიან,”- ნათქვამია სტატიაში მაისაიას სიტყვებზე დაყრდნობით იმ აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის კადრებიც შსს-მ ქართული ტელეკომპანიების მეშვეობით მაისში გაავრცელა.

მაისაიას საქმე, მისი ადვოკატის განცხადებით, უკვე გადაცემულია სასამართლოში, თუმცა ჯერ პროცესი დანიშნული არ არის.

 

Civil.Ge © 2001-2024