მუხროვანის საქმე: სასამართლო განსასჯელთა დაკითხვას აგრძელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Sep.'09 / 15:55

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუხროვანის ამბოხის საქმეზე მიმდინარე პროცესზე 16 სექტემბერს კიდევ 11 áƒ’ანსასჯელი დაიკითხა, მათ შორის 10 ის სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ორთაჭალაში დისლოცირებულ რეინჯერთა ბატალიონში მსახურობდნენ.

16 სექტემბრის სხდომა, მუხროვანის ბატალიონის მექანიზებული ასეულის მეთაურის პაატა ხოხაშვილის დაკითხვით დაიწყო. მან სასამართლოს განუცხადა, რომ 1 მაისს ბატალიონის მეთაური გორგიაშვილი მისი ბატალიონის რამოდენიმე ოფიცერს შეხვდა და უთხრა, რომ იგეგმებოდა დაუმორჩილებლობა, რომლის დროსაც მოხდებოდა სამხედრო ტექნიკის თბილისისკენ ”დაძვრა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ”პიკეტირება.”

”ჩვენ ვუთხარით მას [გორგიაშვილს], რომ ეს სისხლისღვრას გამოიწვევდა და არ დავთანხმდით [მონაწილეობაზე],” - განუცხადა ხოხაშვილმა სასამართლოს.

მან ასევე განაცხადა, რომ იმავე შეხვედრის დროს გორგიაშვილმა უთხრა ოფიცრებს, რომ მონაწილეობის შემთხვევაში ასეულის მეთაურები ფულად ჯილდოს - 70 000-100 000 (ვალუტა არ დაკონკრეტებულა) - მიიღებდნენ. ხოხაშვილის თქმით, მისთვის უცნობი იყო, თუ საიდან მოდიოდა ეს ფული და რომ ეს საკითხი არ განხილულა იმ შეხვედრაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ 5 მაისს 6:30 საათზე გორგიაშვილმა დაიბარა ოფიცერთა შემადგენლობა და უთხრა მათ, რომ ის დაუმორჩილებლობას აცხადებდა, რადგანაც სამხედრო აღლუმში მონაწილეობის წინააღდეგი იყო. იმ დროისთვის ხელისუფლებაში  26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის გამართვის საკითხი განიხილებოდა.

ხოხაშვილმა განაცხადა, რომ ანალოგიური განცხადება დაუმორჩილებლობის შესახებ გორგიაშვილმა ბატალიონის პირადი შემადგენლობის მოწყობაზეც გააკეთა.

ხოხაშვილის თქმით გორგიაშვილმა მას უბრძანა ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა - ”ბე-ემ-პე” ბაზის საგუშაგოზე დაეყენებინა ”ნაწილის პერიმეტრის დაცვის” მიზნით. თუმცა, მან განაცხადა, რომ ”ბე-ემ-პე”, რომელიც მან გამოიყვანა,  მწყობრიდან გამოვიდა, რის შემდეგაც გორგიაშვილმა მას უბრძანა, რომ გამოეყვანა ორი სხვა ”ბე-ემ-პე” და კიდევ ერთი, რათა მწობრიდან გამოსული ”ბე-ემ-პე” ჩაენაცვლებია.

მისი თქმით, სტანდარტული წესია, რომ საბრძოლო ტექნიკა ”საბრძოლო მზადყოფნაში” უნდა იყოს, თუმცა ”არა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში”. მან იქვე დასძინა რომ ”ბე-ემ-პე”-ს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად 7 წუთია საჭირო.

მისი თქმით, ”ბე-ემ-პე”-ების სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გაყვანა არ იგეგმებოდა.

მეთაურის ბრძანებების შესრულების შემდეგ, განაგრძო ხოხაშვილმა, მას ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ უთხრა, რომ ტელევიზიით გამოაცხადეს მუხროვანში ამბოხი მიმდინარეობსო. ამის შემდეგ, განაცხადა ხოხაშვილმა, მან გადაწყვიტა ბაზის ტერიტორია დაეტოვებინა.

ხოხაშვილმა ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ იგი დაეთანხმა დაუმორჩილებლობის ბრალდებას, რადგან მეთაურის ბრძანებები შეასრულა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

სასამართლომ 16 სექტემბერს ასევე დაკითხა ათი განსასჯელი, რომლებიც თბილისში მდებარე რეინჯერთა ბატალიონში მსახურობდნენ. პროკურორების განცხადებით, რამოდენიმე სამხედრო, მათი მეთაურის ლევან ამირიძის ჩათვლით, მუხროვანის ამბოხს შეუერთდა.

ზურაბ მოსულიშვილმა, რომელიც ეთანხმება მის წინააღმდეგ წაყენებულ დაუმორჩილებლობის ბრალდებას, განუცხადა სასამართლოს, რომ მას სთხოვა მისმა მეთაურმა ლევან ამირიძემ მასთან ერთად გამოეცხადებინა დაუმორჩილებლობა. მისი თქმით, იგი დათანხმდა და ეს საკუთარი მეთაურის მიმართ პირადი ერთგულებით ახსნა.

მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ 5 მაისს რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ერთი ჯგუფი აპირებდა ბაზის ტერიტორიის დატოვებას და ექვსი Land Rover-ის პიკაპის ტიპის ავტომობილით მუხროვანში გამგზავრებას, რათა თავიანთ მეთაურს შეერთებოდა.

თუმცა, მისი თქმით, ეს ვერ მოხერხდა, რადგანაც ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, რომელმაც სამხედრო პოლიციას შეატყობინა დაგეგმილი დაუმორჩილებლობის შესახებ, უბრძანა მათ არ დაეტოვებინათ ბაზის ტერიტორია. მოსულიშვილმა განაცხადა, რომ ის და სხვები დაემორჩილნენ ბრძანებას და იარაღი საცავში დააბრუნეს. თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მან და კიდევ რამოდენიმე სამხედრო პირმა, რომლებსაც სპორტული ტანისამოსი ეცვათ, ბაზის ტერიტორიიდან გავიდნენ ჩვეულ, ყოველდღიურ დილის ვარჯიშზე. ბაზის ტერიტორიის გარეთ მყოფებმა, მისი თქმით, გადაწყვიტეს მუხროვანში მაინც წასულიყვნენ და ამ მიზნით ტაქსი გააჩერეს; მისი თქმით მასთან ერთად იმავე ტაქსში კიდევ სამი სამხედრო ჩაჯდა, რომლებიც მუხროვანის ბაზაზე ავიდნენ. მისივე თქმით, მათ სხვა რამოდენიმე სამხედროც გაყვა სხვა ტაქსით.

მოსულიშვილის თქმით, მუხროვანის ბაზასთან მათ პიკეტი დახვდათ (იმ დროისთვის სამხედრო ნაწილთან უკვე მობილიზირებული იყო სამართალდამცველთა რაზმები) და ამიტომ შემოვლითი გზით მოუწიათ ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა. მან მუხროვანში მისვლის ზუსტი დრო ვერ გაიხსენა, თუმცა თქვა რომ 11 საათს იყო გადაცილებული. მისი თქმით, ისინი ყაზარმებში მივიდნენ და დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ ლევან ამირიძემ მათ უბრძანა დაეტოვებინათ მუხროვანი. მისი თქმით, მეთაურისგან ამ ბრძანების მიღების შემდეგ, მათ დატოვეს ბაზა და იქვე მდებარე სოფელ უჯარმაში ჩავიდნენ, სადაც იმავე საღამოს, 5 მაისს, დააპატიმრეს.

მოსულიშვილის თქმით, იგი აღიარებს დანაშაულს, რადგანაც ის არ დაემორჩილა მეთაურის მოადგილის ბრძანებას არ დაეტოვებინათ რეინჯერთა ბატალიონის ბაზა. მოსულიშვილმა თავისი გადაწყვეტილების ერთდაერთ მიზეზად მეთაურის მიმართ პირადი ლოიალურობა დაასახელა. მან ლევან ამირიძე შეაფასა როგორც ”ვაჟკაცი” ჯარისკაცი, რომელიც ”მამაცურად” იბრძოდა აგვისტოს ომის დროს. მისი თქმით, ამირიძე მამაცურად უძღვებოდა მის ბატალიონს და მტრის ზურგში, თავის ჯარისკაცებთან, ერთად 40 დღე დარჩა. მისი თქმით, ის იმიტომ წავიდა მუხროვანში, რომ ”ჩემს მეთაურს გვერდით დავმდგომოდი”.

რეინჯერთა ბატალიონის კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურის, ირაკლი ოდიკაძის ჩვენება ძირითადად ჰგავდა მოსულიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას. ოდიკაძე, რომელიც ასევე აღიარებს დანაშაულს დაუმორჩილებლობაში, რეინჯერთა ბატალიონში მძღოლად მსახურობდა.  მანაც თავისი გადაწყვეტილების ერთდაერთ მიზეზად მეთაურის მიმართ პირადი ერთგულება დაასახელა. ოდიკაძემ განაცხადა, რომ მან წინასწარ არ იცოდა დაგეგმილი დაუმორჩილებლობის შესახებ და ამის შესახებ მხოლოდ 5 მაისს დილით შეიტყო.

16 სექტემბერს ასევე დაიკითხნენ დაუმორჩილებლობაში áƒ’ანსასჯელი რეინჯერთა ბატალიონის ჯარისკაცები: დავით ჯღუნიაშვილი; გიორგი ამირიძე; აკაკი აფციაური; დავით ოქრუაშვილი; სანდრო ვეშაგური; გელა გოგალაძე; დავით ამირიძე; უჩა ჩოხელი. ყველა მათგანი ეთანხმება მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.

რვავე áƒ’ანსასჯელმა თითქმის იდენტური ჩვენებები მისცა სასამართლოს. კერძოდ, მათი მონათხრობის მიხედვით, 4 მაისს რეინჯერთა ბატალიონში გამოცხადდა ყაზარმული მდგომარეობა, ხოლო 5 მაისს დილით, დაახლოებით, 6 საათზე განგაში, რა დროსაც ასმეთაურებისაგან მიიღეს ბრძანება იარაღის აღების თაობაზე, რაც მალევე შეიცვალა ამ იარაღის უკან ჩაბარების ბრძანებით, რომელიც áƒ’ანსასჯელების თქმით, მათ შეასრულეს ისე, რომ ასეთი მოქმედების მიზეზი და მიზანი არ იცოდნენ. მათი ჩვენებების მიხედვით, ამის შემდეგ ნაწილში სპორტულ მომზადებაზე ბრძანება გაიცა და ჯარისკაცებმა სპორტულ ფორმებში ბაზის ტერიტორიის გარეთ, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა, დაიწყეს სირბილში ვარჯიში. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ სწორედ ტერიტორიის გარეთ  შეიტყვეს მათი ბატალიონის მეთაურის ლევან ამირიძის გადაწყვეტილებაზე დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით და საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს მუხროვანში გამგზავრება, რათა ”გვერდზე დადგომოდნენ მეთაურს”.

მხოლოდ დავით ჯღუნიაშვილმა განუცხადა სასამართლოს, რომ მან ჯერ კიდევ 4 მაისს უშუალოდ ამირიძისგან შეიტყო შესაძლო დაუმორჩილებლობის თაობაზე. ჯღუნიაშვილმა ამირიძის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პროტესტი განპირობებული იყო რეინჯერთა ბატალიონის დაშლის გეგმებით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამირიძეს არავითარი პოლიტიკური მოთხოვნების შესახებ, მათ შორის არც პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე, მისთვის არ უთქვამს.

”ვფიქრობ, რომ ამბოხებას არ ჰქონდა ადგილი,”- áƒ’ანუცხადა სასამართლოს ჯღუნიაშვილმა.
 
ყველა მათგანი აცხადებს, რომ მუხროვანში დაახლოებით 4-5 ტაქსით გაემგზავრნენ და ”არმისული” მუხროვანამდე გზაზე დაინახეს სულ მცირე ორი პატრულის მანქანა - ზოგმა მათგანმა ეს შეაფასა, როგორც გზის გადაკეტვა  - და იმის გამო, რომ ტაქსებში ბევრნი ისხდნენ, ტაქსის მძღოლებმა მათ ბოდიშის მოხდით თხოვეს გზის ფეხით გაგრძელება. მათი თქმით, ისინი მუხროვანის ბატალიონში შემოვლითი გზით, გვერდითა საგუშაგოდან შევიდნენ მას შემდეგ, რაც საგუშაგოზე მდგომ ჯარისკაცებს განუცხადეს, რომ ლევან ამირიძის ბატალიონიდან იყვნენ. მუხროვანში მათ დახვდათ ლევან ამირიძე. ამ ჯარისკაცებს მუხროვანის ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი, სადაც დაახლოებით 30-40 წუთით გაჩერების შემდეგ მიიღეს ბრძანება ნაწილში დაბრუნების თაობაზე და დატოვეს კიდეც ნაწილის ტერიტორია.

მოსულიშვილის და ოდიკაძის მსგავსად, ამ áƒ’ანსასჯელებმა ლევან ამირიძე შეაფასეს, როგორც ”ვაჟკაცი, პატრიოტი” ადამიანი, ”საქართველოსთვის თავგანწირული”, ”სამშობლოს მოყვარული მებრძოლი”.

სანდრო ვეშაგურმა უთხრა სასამართლოს როდესაც ამირიძეს ახასიათებდა: ”ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება რეინჯერთა 90% არ დაბრუნებულიყო ომიდან [შარშან აგვისტოში]. ეს არის პირადად ამირიძის გონივრული გადაწყვეტილებების დამსახურება”.

განსასჯელმა áƒ“ავით ამირიძემ კი განუცხადა სასამართლოს, რომ 300 კაციან ბატალიონს ომიდან ”ერთი მიცვალებული არ ჩამოუყვანია, რაც მეთაურის დამსახურებაა”.

თავად ლევან ამირიძე, ისევე როგორც საქმის სხვა საკვანძო ფიგურები, მათ შორის - კობა ოთანაძე, კობა კობალაძე, შოთა გორგიაშვილი და გია ღვალაძე - სასამართლოს ჯერ არ დაუკითხია.

მომდევნო სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება.

Civil.Ge © 2001-2024