ფინანსური პოლიციის აღდგენა იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Sep.'09 / 18:04

პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც ფინანსური პოლიციის, როგორც საქვეუწყებო დაწესებულების, აღდგენას ითვალისწინებს.

ფინანსური პოლიცია, ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის მუდმივი სამიზნე იყო, როგორც ”ბიზნესის რეკეტის” საშუალება. ეს სტრუქტურა 2007 წელს გაუქმდა და შედარებით შეკვეცილი უფლებამოსილებებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაერთიანდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურებთან ერთად.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სადაც ფინანსური პოლიცია ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურად” იწოდება, ამ სტრუქტურის ხელახლა შექმნას განაპირობებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების უფრო ეფექტურად წარმართვის აუცილებლობა.

პროექტის მიხედვით, ახალი სამსახურის უფროსს ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული წარდგინების საფუძველზე. ამდენად, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2007 წლამდე მოქმედი ფინანსური პოლიციაც, რომელსაც შექმნის დღიდანვე დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა, უშუალოდ პრეზიდენტს დაქვემდებარებული სტრუქტურა იყო და მისი რეორგანიზაცია სააკაშვილის ინიციატივით განხორციელდა სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის "ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის” მოტივით.

კანონპროექტის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურს, მათ შორის მისი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს,  კანონით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიყენონ ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; სამსახური ასევე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა; ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ”თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”, სამსახურს შეეძლება ”დაუბრკოლებლად შევიდეს” საცხოვრებელ ბინებში და ორგანიზაციათა შენობა-ნაგებობებში დანაშაულის აღსაკვეთად ან პირის დასაკავებლად; ამასთან სამსახური უფლებამოსილია მოაწყოს შემოწმების პროცედურები დასახლებულ პუნქტებში, მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ემყარება ”პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის” პრინციპებს.

კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია კონსპირაციულ თანამშრომელთა ქსელის შექმნა აღნიშნული სამსახურის დახმარების მიზნით.

Civil.Ge © 2001-2024