მუხროვანის საქმე: სასამართლომ ღვალაძის დაკითხვა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Sep.'09 / 17:42

მუხროვანის ამბოხის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა და პროკურატურის მთავარმა მოწმემ გია ღვალაძემ შეცვალა თავისი თავდაპირველი განცხადება და აღიარა, რომ სწორედ იგია იმ წერილის ავტორი, სადაც ნათქვამია, რომ მის მიერ კობა კობალაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება ”ყალბი” იყო.

თუმცა, ღვალაძემ ასევე უთხრა სასამართლოს 24 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, რომ ის, რაც მან დაწერა, ”არ არის სიმართლე”.

”არანაირი ზეწოლა არ ყოფილა ჩემზე,” - განაცხადა ღვალაძემ.

24 სექტემბრის სხდომა მთლიანად ღვალაძის დაკითხვას დაეთმო და ეს მომდევნო სხდომაზე, 28 სექტემბერსაც გაგრძელდება. სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენების მიცემისას ფეხზე დგანან, დაახლოებით ექვსსაათიანი დაკითხვის დროს ღვალაძე მოსამართლის პირდაპირ იჯდა და კითხვებზე პასუხს ძირითადად თავჩაქინდრული პასუხობდა.

22 სექტემბერს გამართულ მოსმენაზე სასამართლოს წარუდგინეს ღვალაძის მიერ ხელით დაწერილი წერილი, რომელიც კობალაძის ადვოკატებს 11 სექტემბერს გადაეცათ. წერილში ღვალაძე აცხადებდა, რომ მისი ჩვენება კობალაძის წინააღმდეგ გამომძიებლების ზეწოლის შედეგი იყო.

ამ წერილით კობალაძის ადვოკატებმა წინა სხდომაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, რადგან მისი შინაარსი კობალაძის წინააღმდეგ ბრალდებას აბათილებდა. კობალაძის წინააღმდეგ ბრალდება აგებულია ღვალაძის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც კობალაძე ამბოხების მთავარ ორგანიზატორთა შორის სახელდება.

როდესაც მას კობალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა ჰკითხა, თუ რატომ ”მოიტყუა” მან 22 სექტემბერს,  როდესაც თქვა, რომ ეს მისი დაწერილი წერილი არ იყო, ღვალაძემ უპასუხა, რომ მას ეგონა ასეთი პასუხი უკეთესი იქნებოდა მისი ოჯახისთვის.

”მე იმიტომ გავეცი ასეთი პასუხი, რომ ვიფიქრე ჩემს ოჯახს რამე არ დაშავებოდა,” - განაცხადა ღვალაძემ.

შეკითხვაზე ემუქრებოდა თუ არა ვინმე მის ოჯახს, ღვალაძემ უპასუხა: ”ამ პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე არსებობს საშიშროება, მაგრამ ოჯახს არავინ დამუქრებია.”

მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან მისი შეშფოთება ოჯახის უსაფრთხოების გამო უსაფუძვლო აღმოჩნდა, გადაწყვიტა, რომ ახლა სიმართლე ეთქვა და ეღიარებინა, რომ წერილი მართლა მან დაწერა. წინა სხდომაზე, ღვალაძის უარყოფის შემდეგ მოსამართლემ დააკმაყოფილა კობალაძის ადვოკატების შუამდგომლობა და ხელით დაწერილი წერილი კალიგრაფიულ ექსპერტიზაზე გაგზავნა.

კითხვაზე თუ საერთოდ რატომ დაწერა მან ეს წერილი, რომლის შინაარსიც, მისივე თქმით, სიმართლე არ შეესაბამებოდა,  ღვალაძემ უპასუხა, რომ მას მიაჩნდა ეს წერილი როგორღაც გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ზუსტად რას გულისხმობდა.

მან ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება წერილის დაწერის თაობაზე მან თავის ყოფილ ადვოკატთან ერთად მიიღო, რომლის მოულოდნელმა შეცვლამ ახალი ადვოკატით 18 სექტემბერს გააძლიერა ზოგიერთი ადვოკატის ვარაუდი, რომ ღვალაძეზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

დაახლოებით ექვს საათიანი მოსმენის დროს ღვალაძის ახალი ადვოკატი მისი კლიენტის დაკითხვაში, რომელსაც ძირითადად პროკურორები და კობალაძის და ოთანაძის ადვოკატები ახორციელებდნენ, მხოლოდ ერთხელ და ისიც ძალიან მცირე ხნით ჩაერია.
 
სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ღვალაძემ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ბოლო ჩვენება გაიმეორა და ისევ დაადო ხელი კობალაძეს და გადამდგარ პოლკოვნიკ ოთარ ოთანაძეს და ისინი ამბოხის ორგანიზატორთა შორის დაასახელა.

ღვალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ იგი მარტის დასაწყისში ”შემთხვევით” შეხვდა კობა ოთანაძეს ლესელიძის ქუჩაზე. მისი თქმით ის ოთანაძეს 90-იანი წლების შუიდან იცნობს.

37 წლის ღვალაძემ, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული უშიშროების და თავდაცვის სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმებში მსახურობდა, განაცხადა, რომ აქტიურ სამხედრო სამსახურს 2000 წელს ჩამოშორდა მას შემდეგ, რაც ავტოკატასტროფის შედეგად თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. გამოჯანმრთელების შემდეგ მან მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში და პოლიციის აკადემიაში განაგრძო. მისი თქმით, იგი იმიტომ დაითხოვეს სამსახურიდან, რომ ”აშკარად თანაუგრძნობდა ოპოზიციას.” ამის შემდეგ მან მუშაობა ლესელიძის ქუჩაზე არსებული VTB ბანკის ფილიალში, დაცვის სამსახურში áƒ“აიწყო.

ღვალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ როდესაც მარტის დასაწყისში ქუჩაში ოთანაძეს ”შემთხვევით” შეხვდა, მან უთხრა ოთანაძეს, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ახალი სამსახურით და იმით, რომ წინა სამსახურებიდან დაითხოვეს. მისი თქმით, ოთანაძემ უთხრა, რომ მას სჭირდებოდა ”ჩემნაირი ბიჭები” და ”შეხვედრა შემომთავაზა”. მეორე შეხვედრისას, განაგრძო ღვალაძემ, ოთანაძემ მასთან პოლიტიკის შესახებ დაიწყო საუბარი; ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ოპოზიცია საპროტესტო აქციების დასაწყებად ემზადებოდა. ”’სააკაშვილის საქმე წასულია და ეგ რომ წავა კაცმა არ იცის ვინ მოვაო’ - მითხრა ოთანაძემ,” - განაცხადა ღვალაძემ. 

როგორც თავად განაცხადა, ოთანაძემ ჰკითხა მას, შეეძლო თუ არა სამხედრო გამოცდილების მქონე სანდო ხალხის შეკრება,  რათა ”მოგვეწყო ამბოხება თუ აჯანყება - რაც გინდა ის დაარქვით,” - უთხრა ღვალაძემ სასამართლოს.

მისი თქმით, ოთანაძემ მაშინ დეტალები არ გაუმხილა და 100 აშშ დოლარი მისცა. შემდეგ შეხვედრაზე, ღვალაძის თქმით, ოთანაძემ კვლავ არ ისაუბრა გეგმის დეტალებზე და მას 700 თუ 800 აშშ დოლარი მისცა. ”ამის შემდეგ, უკვე დავიჯერე, რომ საქმე სერიოზულად იყო,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი დაუკავშირდა რამოდენიმე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის თამაზ ხომასურიძეს და გიორგი ჩქარეულს. პროკურატურის თქმით, ორივე მათგანმა მარტის ბოლოს აცნობეს სამართალდამცავ სტრუქტურებს დაგეგმილი შეთქმულების თაობაზე და ამის შემდეგ კონსპირაციული აგენტები შეთქმულების ორგანიზატორთა შორის ჩანერგეს.

ღვალაძის თქმით, მას და ოთანაძეს უხდებოდათ სხვადასხვა ისტორიების გამოგონება - ღვალაძე ამ გამოგონილ ისტორიებს ”ლეგენდებით” მოიხსენიებდა. მისი თქმით ”ლეგენდები” საჭირო იყო იმისთვის, რომ ამბოხში პოტენციურ მონაწილეებისთვის პირდაპირ არ გაემხილათ რაც მზადდებოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ”ლეგენდა” იყო გამოგონილი ისტორია, რომლის თანახმადაც თითქოს იგეგმებოდა თურქი ბიზნესმენის გატაცება ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებიდან. მისი თქმით, ამგვარი ”ლეგენდის” მოყოლით პოტენციური თანამონაწილისთვის ის ნიადაგს სინჯავდა, რათა გაეგო, თუ რამდენად შორს შეეძლოთ მათ წასვლა და ღირდა თუ არა მათთვის ამბოხების გეგმის შესახებ ინფორმაციის გამხელა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასევე ”ლეგენდა” ასევე იყო პოტენციური თანამონაწილეებისთვის იმის თქმა, რომ ვითომ ამბოხში ასევე იყვნენ ჩართულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ერთ-ერთ ჩვენებაში ღვალაძე ახსენებს რამოდენიმე პოლიტიკოსის სახელს, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს იგორ გიორგაძეს; ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ბაჩუკი ქარდავას, ასევე გუგული მაღრაძეს. მან განაცხადა, რომ ესეც გამოგონილი ისტორია იყო და დასძინა, რომ ამგვარი ისტორიები საჭირო იყო პოტენციური თანამონაწილეების დასარწმუნებლად მონაწილეობა მიეღოთ ამბოხში და იმის საჩვენებლად, რომ სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად ამბოხების გეგმას პოლიტიკური წრეებიდანაც უჭერდნენ მხარს. ასეთი მიდგომით, მისი თქმით, უფრო იოლი იყო ადამიანის ამბოხში მონაწილეობაზე დაყოლიება.

ღვალაძეს კობალაძის ადვოკატმა ჰკითხა, თუ ამდენი ისტორიის შეთხზვა იყო საჭირო პიროვნების დასარწმუნებლად მონაწილეობა მიეღოთ ამბოხში, თავად რატომ დათანხმდა ოთანაძეს ასე მარტივად მონაწილეობაზე, ან რა უთხრა ასეთი ოთანაძემ, რომ ის მაშინვე დათანხმდა. ღვალაძემ უპასუხა: ”მე უბრალოდ მჯეროდა ოთანაძის”.

ღვალაძის თქმით, ოთანაძე მას ამბოხის გეგმის დეტალებს ”დოზირებულად” უმხელდა. ღვალაძემ განაცხადა, რომ გეგმის თანახმად, მის მიერ აყვანილი ხალხი და მუხროვანის ბატალიონის სამხედროები, რეინჯერთა ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად, გომბორის ”ტეკთან” უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მისი თქმით, ტანკებით და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ერთ ჯგუფს თბილისის აეროპორტი უნდა დაეკავებინა, მეორეს შავნაბადას რეზიდენცია, ხოლო ძირითადი ნაწილი კი თბილისისკენ უნდა წასულიყო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, პარლამენტი და კანცელარია დაეკავებინა. 

ღვალაძემ ასევე განაცხადა, რომ ოთანაძემ მას უთხრა ”საჭიროების შემთხვევაში” დასახმარებლად მზად იყო 5 000-კაციანი რუსული სამხედრო შენაერთი, რომელიც ნატახტართან მივიდოდა.

ღვალაძემ განაცხადა, რომ აპრილის ბოლოს (ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა), ოთანაძემ ის მცხეთაში წაიყვანა, რათა ამბოხების სხვა ორგანიზატორებს შეხვედროდნენ. მისი თქმით, მის გარდა მცხეთაში, ე.წ. ”ზეინაბის სახინკლეში” კიდევ ექვსი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ლევან ამირიძე, ოთანაძე და გია კრიალაშვილი. ღვალაძის თქმით, შეხვედრაზე გეგმის დეტალები განიხილეს. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა ნახსენები რუსული ძალების ნატახტარში შესაძლო მობილიზების საკითხი.

მისი თქმით, ასევე აპრილის ბოლოს (ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ეს 20 რიცხვის შემდეგ იყო), ის და ოთანაძე კვლავ წავიდნენ მცხეთის მახლობლად, რესტორან ”არაგვში”, სადაც ისინი შეხვდნენ კობალაძეს და კიდევ ”ორ ჩემთვის უცნობ ადამიანს”. ჩვენ იმავე გეგმის დეტალებზე ვისაუბრეთ. კობალაძე უარყოფს ამ შეხვედრაზე დასწრებას და აცხადებს, რომ მან ღვალაძე სასამართლოს დარბაზში გაიცნო.

შსს-ის მიერ 5 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში, რომელიც პოლიციის განცხადებით, კონსპირაციული აგენტების მიერ იყო გადაღებული, ღვალაძე ეუბნება შეთქმულების სხვა მონაწილეებს, რომლებიც რეალურად პოლიციის აგენტები იყვნენ, რომ იმ შეხვედრას კობალაძესთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე; ყოფილ უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე, ასევე გია ყარყარაშვილი. თუმცა, მოგვიანებით, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მან შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ ეს არ იყო მართალი და მხოლოდ კობალაძე და ორი ”უცნობი პიროვნება” ესწრებოდნენ შეხვედრას და სხვა სახელების ჩამოთვლა კიდევ ერთი ”ლეგენდა” იყო, რათა გეგმისთვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა.

მისი თქმით, ამბოხება 5 მაისს, შუაღამის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა ის 4 მაისს გვიან ღამით დააპატიმრეს.

Civil.Ge © 2001-2024