მუხროვანის საქმე: ღვალაძეს საპროცესო შეთანხმებით 2-წლიანი პატიმრობა შეეფარდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Sep.'09 / 18:54

პროკურატურამ მუხროვანის ამბოხის საქმის მთავარ ფიგურასთან გია ღვალაძესთან და კიდევ 12 განსასჯელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ყველა მათგანი უკვე დაიკითხა სასამართლოზე.

ღვალაძის ადვოკატმა მაია ჯულაგიძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ საპროცესო შეთანხმება, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ასევე დანაშაულის აღიარების საფუძველზე დაიდო, ითვალისწინებს მისი კლიენტისთვის თავისუფლების 2 წლით აღკვეთას.

გია ღვალაძეს ბრალი ედება ამბოხების მზადება áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ წყობილების ძალადობით შესაცვლელად, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამავე დროს იგი კობა კობალაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა. მის მიერ  მიცემული ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც 2004 წლამდე ეროვნული გვარდიის სარდალს, კობალაძეს ბრალი წაუყენეს 315-ე მუხლის მეორე ნაწილით.

საპროცესო შეთანხმებების შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა 28 სექტემბერს, სასამართლო პროცესის მესამე ნაწილში მას შემდეგ დააყენა, რაც ღვალაძის ორდღიანი სასამართლო დაკითხვა დასრულდა. 

პროკურატურის შუამდგომლობა ითვალისწინებდა 13 განსასჯელის საქმის ძირითადი პროცესიდან გამოყოფას.  მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა ცნო რა ის ”საფუძვლიანად”.  მისი თქმით, 13 განსასჯელის საქმე ცალკე გამოიყოფა და ის სხვა მოსამართლეს დაეწერება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის გარეშე დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებებით გათვალისწინებულ პირობებს.

ღვალაძის გარდა საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა ვლადიმერ გულიკაშვილთან, ილია ღამბარაშვილთან, დავით გვენცაძესთან, ზაზა მუშკუდიანთან და დავით პეტრიაშვილთან - ხუთივეს დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი) ედება ბრალად და ისინი უკვე დაკითხა სასამართლომ; ასევე კახაბერ ჯოლბორდთან, გიორგი სამადალაშვილთან, პაატა ხოხაშვილთან – სამივეს დაუმორჩილებლობაში (316-ე მუხლის II ნაწილი) ედებათ ბრალი; კახაბერ დვალთან, დავით ამირიძესთან, უჩა ჩოხელთან, გელა გოგალაძესთან, - ოთხივეს დაუმორჩილებლობაში დახმარებაში (25-316-ე მუხლის II ნაწილი) ედებათ ბრალი. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა.

საპროცესო გარიგების საკითხის განხილვამდე სასამართლომ 28 სექტემბრის სხდომაზე გია ღვალაძის დაკითხვა განაგრძო, რომელიც წინა სხდომაზე, 24 სექტემბერს, დაიწყო.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კობა კობალაძის ადვოკატებმა და თავად ეროვნული გვარდიის ყოფილმა მეთაურმაც ღვალაძეს არა ერთი შეკითხვა დაუსვეს იყო თუ, რატომ უნდა ეთანამშრომლა კობალაძეს მასთან.

კობალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ წლების წინ ღვალაძემ დაწერა სტატია გაზეთ ”ალიაში”, სადაც ირწმუნებოდა, რომ კობალაძის მაშინდელი მოადგილე (კობალაძე მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის მიმართულების მეთაური იყო), მიხეილ ცაგურიშვილი ნარკომანი იყო. თადუმაძის თქმით, ცაგურიშვილს კობალაძესთან ნათელმირონობა აკავშირებდა. კითხვაზე, თუ რატომ დათანხმდებოდა კობალაძე მის აყვანას სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის და რატომ ენდობოდა მას კობალაძე, ღვალაძემ უპასუხა: ”საიდან უნდა ვიცოდე როგორ ქონდა კობალაძეს ჩემდამი ნდობა?”
 
დაკითხვის დროს, რომელიც 28 სექტემბერს დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ღვალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ შეთქმულების ორგანიზატორებს რაიმე ”ჩამოწერილი გეგმა“ არ ჰქონიათ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩაეგდოთ მათ ხელში შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის შენობები. წინა მოსმენაზე მან უთხრა სასამართლოს, რომ შეთქმულების გეგმის თანახმად, მას ამ შენობებზე კონტროლის დამყარება ევალა. ”მე [ჩამოწერილი გეგმა] თავში მქონდა,” - განაცხადა მან. ღვალაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი ”სპონტანურად” აპირებდა ბრძანებების გაცემას მათთვის, ვინც შსს-ს და პროკურატურის შენობების დაკავებაში მიიღებდა მონაწილეობას.

როდესაც მას ჰკითხეს გეგმის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში áƒ•áƒ˜áƒœ უნდა გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი, ღვალაძემ უპასუხა: ”სხვადასხვა გვარები სახელდებოდა. ზუსტად ვერ გეტყვით.“ კითხვაზე თუ რომელი გვარები სახელდებოდა, ღვალაძემ შალვა ნათელაშვილი და ბაჩუკი ქარდავა დაასახელა, რამაც დარბაზში ირონიული რეაქცია გამოიწვია. შეკითხვაზე თავდაცვის მინისტრად ვინ უნდა დაენიშნათ, ღვალაძემ უპასუხა, რომ არ იცოდა და არც უკითხია; მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის არანაირი თანამდებობა არ შეუთავაზებიათ და არც თვითონ არაფერი მოუთხოვია.

მუხროვანის ამბოხის საქმეზე სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს განახლდება.

Civil.Ge © 2001-2024