მოსკოვის რეაქცია ტალიავინის კომისიის დასკვნაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Sep.'09 / 20:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შარშანდელ აგვისტოს ომზე საგამოძიებო მისიის მოხსენების ზოგიერთი ”ორაზროვანი” დებულება ვერ გადაფარავს ”მთავარ დასკვნას მშვიდობიანი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღებასთან დაკავშირებით თბილისის ბრალეულობაზე”.

”ჩვენი აზრით კომისიის მცდელობას áƒ¤áƒ£áƒ­áƒáƒ“ არ ჩაუვლია - ნებისმიერი მოაზროვნე გამოიტანს 30 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენებიდან საკვანძო დასკვნას იმაზე, რომ აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წამოიწყო,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში, ”საბოლოო ჯამში ესაა ”ტალიავინის კომისიის” მუშაობის მთავარი შედეგი”.

მოსკოვი აქვე აცხადებს, რომ მოხსენება რიგ ”ორაზროვან” ფორმულირებებს მოიცავს. რაც ”ასახავს კვლავინდებურად არსებულ პოლიტიზირებულ მიდგომებს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების და მისი შედეგების მიმართ”.

”ბევრ კითხვას იწვევს, კერძოდ, მოხსენების პასაჟი თითქოსდა არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე რუსული მხარის მიერ,”- ნათქვამია განცხადებაში, ”თუმცა იმავე მოხსენებაში ადვილად შეიძლება გამოძებნო არგუმენტები, რომელიც აჩვენებს ასეთი მსჯელობის ხელოვნურ ხასიათს”.

სამინისტროს თქმით, ”რუსეთის მხარემ გამოიყენა ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პოზიციების ჩასახშობად, რომლებიც გამოიყენებოდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის”.

”ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირის კომისიის მოხსენება დამატებითი áƒ¡áƒáƒ¨áƒ£áƒáƒšáƒ”ბაა იმ საფრთხის გასააზრებლად, რაც უკავშირდება კონფლიქტების გადაწყვეტისთვის ძალის გამოყენებაზე ფსონის დადებას და აჩვენებს, თუ ამგვარი ავანტიურები როგორ იწვევს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის რღვევას და მთლიანობაში საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აქვე, ცდილობს გაამართლოს ომის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის ”დაბომბვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაუწყებელი იყო”.

Civil.Ge © 2001-2024