მუხროვანის საქმე: სასამართლომ კობა კობალაძე დაკითხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'09 / 18:57

ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმის ათმა ბრალდებულმა უარი თქვა თავდაპირველ პოზიციაზე და 30 სექტემბერის სასამართლო სხდომაზე თავი უდანაშაულოდ ცნო.

მათ ასევე განუცხადეს სასამართლოს, რომ არ აპირებენ ჩვენების მიცემას.

ოთხ მათგანს (ვანო საბაშვილი, იმედა საგინაშვილი, ვაჟა საგინაშვილი და ზვიად ჯაჭვაძე) ბრალად ედება დაუმორჩილებლობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა. ხუთ მათგანს (ვაჟა ხუცურაული, ზურაბ მიქაძე, ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ალექსანდრე ბეგოიანი და ზაზა მურჯიკნელი) ამბოხი ხელისუფლების დასამხობათ და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ხოლო ერთს (ირაკლი თოფურიძე) დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

შოთა გორგიაშვილმა, რომელიც სავარაუდო ამბოხის დროს მუხროვანის სამხედრო ნაწილის მეთაური იყო, და ლევან ამირიძემ, რომელიც მაშინ რეინჯერთა ბატალიონის მეთაური იყო, ასევე უარი თქვეს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე.

ორივე მათგანმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა; კერძოდ, უარყვეს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებული ბრალდება, მაგრამ აღიარეს დაუმორჩილებლობა. ბრალდების მხარის განცხადებით, ორივე მათგანი ხელისუფლების ძალის გამოყენებით დასამხობად გეგმის მთავარ ორგანიზატორებს შორის იყვნენ.

კობა ოთანაძემ, რომელსაც ბრალდების მხარე ასევე ასახელებს ორგანიზატორებს შორის, კვლავ უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, ხოლო სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

30 სექტემბერს გამართულ მოსმენაზე სასამართლომ მხოლოდ კობა კობალაძე დაკითხა. კობალაძე 2004 წლამდე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო და მასაც ბრალდების მხარე სავარაუდო ამბოხის და ხელისუფლების დამხობის მცდელობის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. 

გია ღვალაძის წინააღმდეგობრივი ჩვენებები ერთდაერთი მტკიცებულებაა, რომლითაც ბრალდების მხარე კობალაძის დანაშაულთან კავშირის დამტკიცებას ცდილობს. ღვალაძე სასამართლო პროცესებს უკვე აღარ ესწრება, რადგან ის იმ 13 ბრალდებულს შორისაა, რომლებმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს და ამ შეთანხმების დასამტკიცებლად ცალკე მოსამართლე დაინიშნება.

თავის ხანგრძლივ ჩვენებაში სასამართლოზე, რომლის დროსაც მას მხოლოდ რამოდენიმე კითხვა დაუსვეს, კობალაძემ დეტალურად ისაუბრა თავის სამხედრო კარიერასა და ბიოგრაფიაზე.

მან უთხრა სასამართლოს, რომ ღვალაძის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებული ჩვენებები სრული სისულელეა და რომ ის არც კი იცნობდა ღვალაძეს სასამართლოს დარბაზში შეხვედრამდე. მისი თქმით, სამხედრო ძალებში სამსახურის დროს მას მხოლოდ რამდენჯერმე ქონდა ღვალაძის გვარი გაგონილი.

კობალაძემ, რომელიც 5 მაისს მუხროვანში განვითარებული მოვლენებიდან რამოდენიმე საათში დააპატიმრეს, განაცხადა, რომ იმ დღეს ის თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მან გაიხსენა, რომ ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა დაურეკა და ინტერვიუ სთხოვა, რათა გია ღვალაძის განცხადებისთვის ეპასუხა. იმ დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოპერატიული ვიდეომასალა, სადაც ღვალაძე ამბობს, რომ კობალაძე შეთქმულების ორგანიზატორთა შორისაა. იმავე ვიდეომასალაში ღვალაძემ რამოდენიმე სხვა ყოფილი სამხედრო და უშიშროების მაღალჩინოსანი დაასახელა, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე; ყოფილი უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე, ასევე გია ყარყარაშვილი. თუმცა, შემდგომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ღვალაძემ განაცხადა, რომ კობალაძის გარდა სხვა სახელები მან იმიტომ დაასახელა, რომ გეგმისთვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა პოტენციურ მონაწილეთა თვალში.

კობალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს ის სახლის გარეთ შეხვდა და უთხრა მათ ინტერვიუში, რომ მას წარმოდგენა არ ქონდა, თუ რაზე საუბრობდა ღვალაძე. მისი თქმით, ინტერვიუს მიცემის დროს დიდი რაოდენობით სამართალდამცავები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ გაჰყოლოდა მათ. მან განაცხადა, რომ იგი ”მოდულის” შენობაში წაიყვანეს, სადაც ის გამომძიებელმა შელიამ დაკითხა.

”მან პირდაპირ მითხრა: ’შენ უნდა დაწერო, რომ ამბოხს ამზადებდი’. მე ვუთხარი, რომ წარმოდგენა ამ მქონდა რაზე იყო საუბარი... 7 მაისს წინასწარი პატიმრობა მომისაჯეს და მას შემდეგ გამომძიებლებს ერთხელაც არ დავუკითხივარ,” - განაცხადა კობალაძემ.

კობალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის იცნობდა კიდევ ერთ ბრალდებულს, კობა ოთანაძეს, რადგანაც ორივე სამხედრო ძალებში მსახურობდნენ, ”რა დასამალია, პიროვნულად არც არასოდეს მომწონდა ის”. მისი თქმით, ბოლოს ის ოთანაძეს 8 თუ 9 წლის წინ შეხვდა. მან ასევე განაცხადა, რომ ის გია კრლიალაშვილსაც იცნობდა. ბრალდების მხარემ ეს უკანასკნელიც დაასახელა ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიალაშვილი დაპატიმრებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს იქნა მოკლული. კობალაძემ განაცხადა, რომ მას ”დაძაბული ურთიერთობები” ჰქონდა კრიალაშვილთან, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კრიალაშვილმა 2001 წელს მუხროვანში დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. კობალაძის თქმით, ბოლოს ის კრიალაშვილს 2003 წელს შეხვდა. 

კობალაძემ ასევე განაცხადა, რომ დიდი ხანია იცნობს რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს და დასძინა: ”ლევანი ჯარისკაცად მე გავზარდე”. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამირიძესთან ”ხშირი კონტაქტები” არ ჰქონია.

მან ასევე უთხრა სასამართლოს, რომ დაპატიმრებამდე მას უთხრეს მთავრობასთან დაახლოებულმა ნაცნობებმა, რომ ხელისუფლებას სურდა, რომ მას ქვეყანა დაეტოვებინა. ”როცა ვკითხე რატომ, მიპასუხეს, რომ ასეთი პოტენციალის მქონე ადამიანი სახიფათო ვიყავი და რომ შესაძლო იყო რომ ეს პოტენციალი რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გამოეყენებინა,” - განაცხადა კობალაძემ.

”მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ვერავინ იტყვის, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი. მე მყავს ნაცნობები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში,” - განუცხადა მან სასამართლოს.

კობალაძეს ასევე ედება ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა.

იგი ამ ბრალდებებსაც უარყოფს და აცხადებს, რომ ის ოთხი ხელყუმბარა და საბრძოლო მასალა, რომლის უკანონოდ შენახვაშიც პროკურატურა ადანაშაულებს, მას ოფიციალურად აგვისტოს ომის დროს გორში გადაეცა.

კობალაძემ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ის, როგორც გადამდგარი გენერალი, რომელიც რეზერვში ითვლება, გორში ჩავიდა და ”დაეხმარა არცევის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელებაში”.   
მისი თქმით, გორში ”სრული არეულობა” იყო.

”იარაღი, ავტომატები მიმოფანტული იყო; მე ვაგროვებდი და მანქანაზე ვტვირთავდი, შემდეგ ეს იარაღი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე წავიღე, სადაც გადმოვტვირთე ეს იარაღი და საბრძოლო მასალა; არსებობენ მოწმეები, ვინც ამას დაადასტურებს,” - განაცხადა კობალაძემ.

მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ ოსიაურის სამხედრო ბაზაზე მან თავისთვის აიღო ერთი საბრძოლო კომპლექტი, რაშიც შედის კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი 450 ტყვიით, ოთხი ხელყუმბარა (ორი ”ერ-გე-დე” და ორი ”ეფ-1” ტიპის) და ჯავშანჟილეტი. მისი თქმით, მან ოსიაურის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად დაარეგისტრირა იარაღის აღების ფაქტი. კობალაძის თქმით, როცა ის თბილისში დაბრუნდა მან ავტომატი თავდაცვის სამინისტროს გადასცა, ხოლო დანარჩენი აღჭურვილობა კი დაიტოვა ”ყოველი შემთხვევისთვის”, რადგან მისი თქმით, იფიქრა რომ შეიძლება საბრძოლო მოქმედებები გაგრძელებულიყო და კიდევ დაჭირვებოდა.

მისი თქმით, იგი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგანაც თავდაცვის სამინისტრო საქმის კურსში იყო, რომ ის საბრძოლო აღჭურვილობა, ხელყუმბარებთან ერთად, მასთან ინახებოდა. მისი თქმით მისთვის არც არავის უთქვამს, რომ საჭირო იყო მათი დაბრუნება. თუმცა, კობალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ”იარაღის ინვენტარიზაციის” გარკვეული წესები შესაძლოა დარღვეული იყო, თუმცა დაარღვია თუ არა მან ამით კანონი, მისი თქმით, ”ეს ინტერპრეტაციის ამბავია.”

თავის ჩვენებაში კობალაძემ ასევე გაიხსენა ერთი ეპიზოდი, რომელსაც მისი გორში ყოფნის დროს მოხდა. მისი თქმით, ქალაქის გამგეობის შენობაში ის პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას შეხვდა, რომელსაც კობალაძეს თქმით, დიდი ხანია იცნობს. კობალაძემ განაცხადა, რომ ალასანიამ უთხრა მას პატაკით მიემართა პრეზიდენტისთვის, რათა იგი სამხედრო სამსახურში აღედგინა, რომელიც კობალაძემ 2004 წელს დატოვა. ”ალასანიამ მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იქ არსებულ არეულობას მივხედავდი,” - განაცხადა კობალაძემ და დასძინა, რომ დაწერა პრეზიდენტის სახელზე პატაკი, რომელიც, მისი თქმით, თემურ ალასანიას გადასცა. ”თუმცა პასუხი არ მიმიღია, რის შემდეგაც დავტოვე გორი,” - განაცხადა კობალაძემ.

სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს გაგრძელდება, რომელზეც მოწმეების დაკითხვა დაიწყება. მხარეების მიერ სასამართლოზე უკვე 100-ზე მეტი მოწმეა გამოძახებული.

Civil.Ge © 2001-2024