საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თაობაზე ბაქრაძესთან მოლაპარაკებები გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'09 / 17:33

საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში იმ 7 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, რომელიც ე.წ. ოპოზიციის ქვოტაა, უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა იმსჯელეს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სამეურვეო საბჭოსთვის უფლებების გაზრდის და მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნის საკითხები.

”დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცემათ იმ პარტიებს, რომელთაც გამოთქვეს ინტერესი და რომელთაც მიიღეს მონაწილეობა პოლიტიკური კონსულტაციების პროცესში”, - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

ამ კონსულტაციებში მონაწილეობას საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი პარტიები იღებდნენ.

”ჩვენც გვექნება შესაძლებლობა ის ადამიანები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ღირსნი არიან წარმოდგენილი იყვნენ ბორდში დავუჭიროთ მხარი, ოღონდ ისინი არ უნდა იყვნენ პარტიის წევრები”, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების წევრმა, პარლამნეტის ვიცე-სპიკრემა ლევან ვეფხვაძემ.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ”ძალიან სამწუხაროა”, რომ ამ პროცესში არ მონაწილეობს არასაპარლამენტო ოპოზიცია და იქვე დასძინა, რომ ”ხშირად აქვს ადგილი არათანმიმდევრულ მიდგომას ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან” და თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს პირველი არხის მუშაობასთან დაკავშირებით, ”ყველა გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის დაბალანსებული სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა”.

დღესვე შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება სამეურვეო საბჭოს უფლებების გაფართოებასთან დაკავშირებით. დავით ბაქრაძის განცხადებით, ახლო მომავალში ”შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც მაუწყებლის საბჭოს ფუნქციები გაიზრდება”. თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებიათ, რა სახით მოხდება უფლებების გაზრდა.

დავით ბაქრაძის თქმით, მესამე საკითხი, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე  მოხდა შეთანხმება, არის მეორე არხის საფუძველზე პოლიტიკური არხის შექმნა. 30 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უკვე დეტალურ გეგმას წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მოხდება არხის ამუშავება.

Civil.Ge © 2001-2024