ჟენევა, ერთი წლის შემდეგ: როგორი მშვიდობა საქართველოსთვის?
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Oct.'09 / 10:50

Civil.Ge აქვეყნებს საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის პიერ მორელის სტატიას.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის შუამავლობით 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც საქართველოში ხუთდღიანი ომი დასრულდა, 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში, ”ერების სასახლე”-ში (Palais des  Nations) ”საერთაშორისო დისკუსიები” დაიწყო. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ჟენევაში შეიკრიბნენ, რათა ამ ორგანიზაციების მხრიდან დაედასტურებინათ სრული მზადყოფნა დისკუსიებში თანათავმჯდომარეების როლის შესასრულებლად.

პირველ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ, ოფიციალურად დამტკიცდა სტრუქტურა, რის შედეგადაც შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი: ერთი უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე, ხოლო მეორე ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საკითხებზე. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მოლაპარაკებები ასევე 15 ოქტომბერს დაიწყო და ამ ჯგუფებში შევიდნენ მონაწილეები აფხაზეთიდანაც და სამხრეთ ოსეთიდანაც.

მომდევნო წლის მანძილზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შვიდი შეხვედრა გაიმართა. მაგრამ სად ვიმყოფებით ახლა?

დაიწყო რეგულარული დიალოგი ყველა მნიშვნელოვან პოსტ-კონფლიქტურ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან ორი კვირის თავზე, 26 აგვისტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო შეურიგებელი უთანხმოებები არსებობს.

ორი ჯგუფის მუშაობამ პროგრესს მიაღწია, იმის მიუხედავად, რომ ეს უთანხმოებები კვლავ არსებობს და რომლებმაც საბოლოო ჯამში, საქართველოში ეუთოს მისიის დახურვამდე (2008 წლის 22 დეკემბერს) და გაეროს მისიის საქმიანობის შეწყვეტამდე (2009 წლის 15 ივნისს) მიგვიყვანა, რაც ძალიან სამწუხაროა.

დღემდე, ჟენევის დისკუსიების მთავარი კონკრეტული შედეგი იყო 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება შექმნილიყო სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ცალ–ცალკე ”ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი”, რაც რეგულარული შეხვედრების საშუალებას აძლევს ყველა იმ ადგილობრივ აქტორს, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე არიან პასუხისმგებლები. ამ სტრუქტურას ავსებს ”ცხელი ხაზი”, რაც ყველა მხარეს შორის მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ ამ ორი მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მეხუთე და მეექვე რაუნდები გაიმართა. აზრთა ურთიერთგაცვლა ზოგჯერ რთულად მიმდინარეობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ მექანიზმებმა დაადასტურეს, რომ ისინი სასარგებლო ფორმატს წარმოადგენენ, სადაც დისკუსიების დროს ყველა მხარეს შეუძლია საკუთარი ინტერესების წარმოჩენა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი საჭიროება არსებობს. მთავარ პრიორიტეტად რჩება დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს. ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რათა მოხდეს სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ერთდროულად ორივე მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამჟამად მზადდება თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც შემოდგომიდან დაიწყება.

ადგილებზე სამი თანათავმჯდომარის ხშირი ვიზიტებით, განსაკუთრებით სოხუმსა და ცხინვალში, მუდმივად ხდებოდა იმ შესაძლო გზების ხელახალი გააზრება, რომლითაც მთლიანობაში უნდა მოხდეს უსაფრთხოების გაზრდა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესება.

დიალოგის, ხელის შეწყობისა და ნორმალურ ცხოვრებაზე უსწრაფესად დაბრუნების ეს კონკრეტული ფორმები მყიფეც არის და ამავე დროს არასაკმარისიც. თუმცა, ეს ის პროცესია, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს, აღიარებულია და გამოიყენება ყველა მონაწილე მხარის მიერ. იმ ძლიერი ემოციების გათვალისწინებით, რაც შარშანდელმა ომმა გამოიწვია, ეს ნამდვილად არ არის პატარა მიღწევა.

ჟენევის დისკუსია ახლა მეორე ფაზაში შედის, რომლის მიზანია უფრო განვითარებული უსაფრთხოების რეჟიმის და ჰუმანიტარული კუთხით დაცულობის ფორმების მიღწევა, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს რეგიონალური უსაფრთხოების გაზრდას. ეს არის იმ მიმდინარე დისკუსიების აშკარა მიზანი, რომლის დროსაც ”ძალის გამოუყენებლობაზე ჩარჩო ხელშეკრულების საბაზისო ელემენტები” განიხილება და რომლის შესწავლაც 2009 წლის 11 ნოემბერს ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდზე მოხდება.

როგორც კი ჩამოყალიბდება სტაბილური ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სისტემა, უფრო მგრძნობიარე საკითხების განხილვაც გახდება საჭირო: როგორ მივაღწიოთ უფრო მეტ პირდაპირ ურთიერთობებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, იმის მიუხედავად, რომ მათ შორის ფუნდამეტალური განსხვავებების წაშლა ადვილი არ იქნება; რა მოვუხერხოთ ისეთ რთულ საკითხს, როგორიც არის სხვადასხვა ერთეულებში მყოფი პიროვნებების სამართლებრივი სტატუსი; როგორ შევუწყოთ ხელი საჭირო კონტაქტების დამყარებას, რათა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მოხდეს? თანამედროვე ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, რომელიც ყველა ამ საკითხზე პროგრესის მიღწევის პრაგმატულ გზას გვთავაზობს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონკრეტული საერთაშორისო სიტუაცია თავის მხრივ სპეციფიკურია, ამ მაგალითებმა, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო მნიშვნელოვან გარღვევას.

პოლიტიკური პროცესი დაწყებულია. მეთოდი განისაზღვრა და მიღებულ იქნა ნაბიჯ-ნაბიჯ და საკითხიდან საკითხამდე ყველა მხარის მიერ წვლილის შეტანით. წარსულის რამოდენიმე გაკვეთილიც უკვე გათვალისწინებულია.

ამჟამად, ჟენევა ის ერთადერთი საერთაშორისო ფორუმია, რომელშიც ყველა მხარეა ჩართული.

უნდა შენარჩუნდეს მუდმივი კავშირი მხარეებს შორის. ეს თანათავმჯდომარეების შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს. მაგრამ აღებული ვალდებულებებისადმი ყველა მხარის ერთგულება მაინც ყველაზე გადამწვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ნდობა ყოფილ მეომარ მხარეებს შორის ჯერ არ აღდგენილა, ყველა მათგანმა - გამონაკლისის გარეშე - თავისი წვლილი შეიტანა ჟენევაში ჩვენი საერთო საქმის წინ წაწევაში, რითაც მათ პირველი ნაბიჯი გადადგეს რაციონალური დიალოგისკენ; ამით კი ხანგრძლივი სტაბილურობის ჩამოყალიბებისკენ.

12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ბოლომდე შესრულებული არ არის. რამდენიმე შემაშფოთებელი გარემოება გვიბიძგებს, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ: სამხედრო ძალების ზრდა, გაფრთხილებები და მუქარები, ასევე მუდმივი და დაუსაბუთებელი წინაღობები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას აფერხებენ. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველა ამ გამოწვევაზე მხარეები დეტალურად მსჯელობენ.

დიალოგის პროცედურების, ასევე კონსულტაციის და უსაფრთხოების მექანიზმების მკაფიო გამოყენება საუკეთესო გზაა მშვიდობიანი გარემოს აღსადგენად. ტალიავინის დასკვნა გვახსენებს, თუ რა შედეგებს იწვევს ამ მექანიზმების ნგრევა და პროვოკაციების ზრდა, რამაც შარშან აგვისტოში კონფლიქტამდე მიგვიყვანა - მოვლენათა მსვლელობა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

მართალია საბოლოოდ არ შეწყვეტილა, მაგრამ, საბედნიეროდ, ინციდენტების რაოდენობამ ადგილზე იკლო, უმეტესწილად კი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გასაოცარი ეფექტურობის წყალობით. ამავე დროს, კვლავ საჭიროა პრევენციული ქმედებების გაძლიერება, რათა მოგვარებული იქნას ძველი პრობლემები და მოსახლეობის მოლოდინები დაკმაყოფილდეს.

ვნებები ჯერ კიდევ არ დამცხრალა და ეს გასათვალისწინებელია. რაიმეს თავზე მოხვევა შეუძლებელია. მაგრამ ცხოვრება უფრო ძლიერია და ეკონომიკურმა კრიზისმა შეგვახსენა, რომ კომპრომისები საჭიროა. მხოლოდ მოთმინებით და სიმტკიცით განხორციელებულ მიზანმიმართულ მუშაობას შეუძლია უზრუნველყოს წინსვლის ობიექტური საჭიროების წარმოშობა.

ომიდან ერთი წლის თავზე დროა გავიაზროთ მომავალი ნაბიჯები. მისი მდიდარი და გრძელი ისტორიის მანძილზე სამხრეთ კავკასია ბევრი გამოცდის წინაშე მდგარა: ის კვლავაც მგრძნობიარე რეგიონად რჩება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცივილიზაციებსა და კონტინენტებს შორის ურთიერთობების განვითარებაში. კერძოდ, მისი განვითარება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ევროპის მთელ კონტინენტზე. ჟენევაში, ისევე როგორც სხვა მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა რეგიონს, რომელიც გადაკვეთების და უერთიერთგაცვლის ადგილს წარმოადგენს, თავისი ბუნებრივი როლი დავუბრუნოთ.

Civil.Ge © 2001-2024