ბათუმის ტელეკომპანიის საგადასახადო დავა სახელმწიფოსთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Oct.'09 / 18:58

ბათუმში განთავსებული კერძო ტელეკომპანია, ტელეარხი 25 აცხადებს, რომ ”გაუმართლებელი” გადასახადების დაკისრებით ხელისუფლება აჭარაში მდებარე ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის გათიშვას ცდილობს. 

9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის სარჩელი და ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეარხი 25-ს 277,547 ლარის გადახდა მოუწევს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა პატარა ტელეკომპანიისთვის.      

საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონი უფლებას ანიჭებს სახელმწიფოს ტელეკომპანიის ქონება აუცქიონზე გაიტანოს.

ტელეარხი 25-ის თანამფლობელმა მერაბ მერკვილაძემ განუცხადა Civil.Ge-ს 15 ოქტომბერს, რომ 277,547 ლარის საგადასახადო დავალიანება იმ პერიოდში დაგროვდა, როდესაც ტელევიზიას აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე აკონტროლებდა, რომელმაც ის კანონიერ მფლობელებს ჩამოართვა. მერკვილაძის თქმით, მფლობელებმა მხოლოდ 2004 წელს, აბაშიძის გაძევების შემდეგ შეძლეს ტელევიზიაზე საკუთრების უფლების დაბრუნება. ტელეკომპანიის მფლობელები იმ მოტივით აპროტესტებენ გადასახადებს, რომ ის მაშინ დაგროვდა, როდესაც არხს ისინი არ აკონტროლებდნენ.

ადგილობრივი ოპოზიციური აქტივისტების და თავად ტელევიზიის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების უკან პოლიტიკა დგას.
 
”მიგვაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა,” - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მურმან დუმბაძემ. ”ხელისუფლებას სურს მოახლოებული არჩევნების შიშით რეგიონში ერთადერთი თავისუფალი, დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვა, ტელეარხისა, რომლის ეთერით თანაბრად სარგებლობენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები”.

ადგილობრივი საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელდარ ვარშალომიძემ განუცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, რომ ეს საქმე პოლიტიკასთან კავშირში არ არის. ”ტელეარხი 25 ჩვეულებრივი გადამხდელია და თუ ის არ გადაიხდის დავალიანებას, ის აუქციონზე გაიყიდება,” - განაცხადა მან.

ტელეკომპანია ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

Civil.Ge © 2001-2024