სააკაშვილი საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Oct.'09 / 18:21

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა CNN-ის გადაცემა Connect the World-თან ინტერვიუში, როდესაც მას საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ ჰკითხეს: ”ჩვენ 27 დამოუკიდებელი არხი გვაქვს საქართველოში და ყოველდღე ათობით პოლიტიკური თოქშოუ გადის”.

”მე ვფიქრობ, ჩვენ პოლიტიზირებული საზოგადოება ვართ იმ დონეზე, როგორსაც თქვენ ვერ იპოვით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უმეტეს ქვეყნებში და ჩვენ ამას მივესალმებით,” - განაცხადა მან.

იმავე ინტერვიუში მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უნდა გაეცა პასუხი რუსი დამპყრობლებისთვის. მისი თქმით, ქვეყანა ორი არჩევანის წინაშე იდგა: ან კაპიტულაცია განეხორციელებინა და შეეწყვიტა არსებობა; ან წინააღმდეგობა გაეწია.

”დამპყრობელ ძალებს ყვავილებს არ უგზავნიან... ჩვენ რეაგირება უნდა მოგვეხდინა; ჩვენ უნდა გვეპასუხა; ჩვენ გვბომბავდნენ რუსეთის მარიონეტები კვირების განმავლობაში; ისინი პირველები იყვნენ, ვინც გაისროლა და შემდეგ რუსული ძალებიც შემოვიდნენ. ჩვენ დანებებაზე უარი ვთქვით,” - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024