საზოგადოებროვი მაუწყებელი ახალ კავკასიურ არხს გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Nov.'09 / 12:45

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განიხილავს áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒšáƒ”ნოვანი ახალი არხის გახსნის საკითხს, რომელიც კავკასიის რეგიონის აუდიტორიაზე იქნება გათვლილი, განაცხადა ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ. 

”ჯერ იდეაზე ვმუშაობთ, არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმატის უნდა იყოს, და ამდენად, კონკრეტულად ვერ გეტყვით,” - განაცხადა ჭანტურიამ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 1 ნოემბერს გამოქვეყნდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი არხი; თუმცა, ჭანტურიამ ასევე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე იგეგმება საცდელი პროგრამების გაშვება.

მომავალი არხის პროდიუსერმა ზურაბ დვალმა განუცხადა Civil.Ge-ს 2 ნოემბერს, რომ არხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება იგივე დარჩება და 25 მილიონ ლარს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, გაიზრდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება 2010 წლის განმავლობაში ახალი არხის გახსნის შემთხვევაში, თუ ახალი არხი დაგეგმილი 25 მილიონიდან დაფინანსდება.

იმავდროულად, გაჩნდა სპეკულაციები არხის დაფინანსებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთ შესაძლო სპონსოროად ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი მოიაზრება, რომელმაც ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან თბილისში სექტემბერში განხორციელებული ვიზიტის დროს განიხილა. ზურაბ დვალმა განაცხადა, რომ ეს ხმები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024