ბელარუსი დეპუტატები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე პოზიციას შეიმუშავებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Nov.'09 / 11:48

ბელარუსმა პარლამენტარებმა 5 ნოემბერს გადაწყვიტეს საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების თაობაზე პოზიციას მოამზადებს.

რადიო ”თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს ცნობით, დეპუტატების ეს ჯგუფი 17-20 ნოემბერს საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს ეწვევა, და ასევე გამართავს კონსულტაციებს რუსეთის სათათბიროდან კოლეგებთან.

საერთაშორისო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის სერგეი მასკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით რადიო ასევე იტყობინება, რომ ამ ვიზიტის შედეგად გადაწყდება რამდენად მიზანშეწონილია ბელარუსის პარლამენტში ამ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებაზე დებატების გამართვა.

სექტემბერში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აღიარების საკითხს მისი ქვეყნის პარლამენტი განიხილავს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ კუთხით გარეშე ზეწოლა, ”თუნდაც მოძმე ქვეყნიდან” მიუღებელია. მანამდე, თებერვალში აღიარების წინააღმდეგ მინსკი ევროკავშირმა გააფრთხილა.

სოხუმმა და ცხინვალმა ბელარუსს აღიარების თხოვნით მას შემდეგ მიმართეს, რაც რუსეთმა შარშანდელი ომის შემდეგ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. მოსკოვის ამ ნაბიჯს მსოფლიოში მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძეს.

Civil.Ge © 2001-2024