ვაშაძე: ქართველ მოზარდებს მალე გამოუშვებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Nov.'09 / 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ 4 ნოემბერს დაკავებულ ოთხ ქართველ მოზარდს ”მალე გამოუშვებენ”.

”ამ მოზარდების გატაცებით, კიდევ ერთხელ დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე,” - განაცხადა მან. ”14 წლის მოზარდების გატაცება, შემდეგ იძულებით მიღწევა ე.წ. აღიარებითი ჩვენების და ტროტილის და ხელყუმბარების გამოჩენა უბრალოდ სამარცხვინოა; ეს ყველანაირ ამორალურობის საზღვარს სცდება”.        

14-დან 17 წლამდე ასაკის ოთხ მოზარდს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ”საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვაში დასდო ბრალი”.

9 ნოემბერს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდებმა უარყვეს, რომ მათ ასაფეთქებლები ჰქონდათ. ამავე ინფორმაციის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა მოზარდები საკანში მოინახულეს. 

Civil.Ge © 2001-2024