ეროვნული უშიშროების საბჭომ საზღვრის გახსნაზე იმსჯელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Nov.'09 / 12:58

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მთავრობის წევრებმა და რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა 13 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი განიხილეს.

”ახლა ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ერევანში რუსების მონაწილეობით ამ სასაზღვრო პუნქტის გახსნის თაობაზე,” - განაცხადა სააკაშვილმა სხდომის დაწყებისას გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. ”გამოითქვა გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებული მოსაზრებები პარლამენტში; ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას გაგაცნობთ და შემდეგ თქვენ გააკეთეთ დასკვნები”. 

შეხვედრის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცახდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებულად განვითარდება მოლაპარაკებები საზღვრის გახსნაზე და საზღვარი გაიხსნება, ”ეს მხოლოდ პოზიტიური იქნება ჩვენთვის და ჩვენი მეზობლისთვის [სომხეთისთვის] და არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება საფრთხე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”.

პრეზიდენტი სააკაშვილი სხდომის გახსნისას მიესალმა ოპოზიციური პოლიტიკოსების მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში და განაცხადა, რომ ეს იყო თანამშრომლობის მაგალითი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მათ შორის მათთან, ვინც რამოდენიმე თვის წინ ”სტაფილოებს მესროდა” - მას მხედველობაში ჰქონდა ქუჩის საპროტესტო აქციები, როდესაც ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებას ახორციელებდნენ და როდესაც ოპოზიციურმა აქტივისტებმა ეზოში სტაფილოები და კომბოსტოები გადაისროლეს.

”მთავარია, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ სტაფილოების პოლიტიკიდან სერიოზულ პოლიტიკაზე გადავდივართ,” - განაცხადა პრეზიდენტმა სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კონსტანტინე გამსახურდია, რომლის პარტია თავისუფლება ასევე მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი და მრეწველთა ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ესწრებოდნენ. 

 

Civil.Ge © 2001-2024