აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Nov.'09 / 16:15

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი 17 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდა.

პოზნერი, რომელიც იმ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში  დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, შეხვდა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს; ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას; ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს და მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელს ლევან გაჩეჩილაძეს.

დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები იქნა განხილული, ”დაწყებული კონსტიტუციური რეფორმებით, გაგრძელებული საარჩევნო კომისიაში ჩვენს მიერ ერთობლივად დაყენებული საკითხებით, დაუშვათ იგივე რეგიონული ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიით თუ ბიზნესის დაცვის ღონისძიებებით, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება მომენტალურად áƒ“ახუროს ყველა ბიზნესი და შემდეგ ევაჭროს მას ფულზე”.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ინტერესი ნამდვილად დიდი იყო.

”იყო კონკრეტული შეკითხვები, როგორი ზემოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ ამერიკულ-ქართული ქარტია მართლაც შესრულდეს, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიული ნაბიჯები გადადგას და ქვეყანაში რაეალურად დემოკრატიის პრობლემები აღარ არსებობდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას უნდა მოყვეს კონკრეტული, სერიოზული შედეგები, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი თხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან იყო გახმოვანებული, იყო ის, რომ უნდა იყოს კონკრეტული თარიღები,” - განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.  

ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის საჭიროებაზე.

”ასევე გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რაც მთავარია დღევანდელი შეხვედრა დასრულდა იმით, რომ მივიღეთ მხარდაჭერა ამერიკული მხარიდან, რომ მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთანაც  მხარს დაუჭერენ კონსესუსის ძებნას ორ პოზიციას შორის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციებს შორის,” - განაცხადა ალასანიამ.

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხების ძალიან კონკრეტული განხილვა.

დღესვე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრის ქართველმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მთავარი თემა იყო მედიასთან დაკავშირებული საკითხები.

 

Civil.Ge © 2001-2024