ოპოზიციური ’პრაიმერის’ წესები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Nov.'09 / 15:49

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციური წინასწარი არჩევნები, ე.წ. პრაიმერი 31 მარტს ჩატარდება.

ამის შესახებ საუბარია პროექტში, რომელიც წინასწარ არჩევნების წესებზე მომუშავე ჯგუფმა მოამზადა. პროექტის შემუშავებაში, რომელიც კონსერვატიული პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ოპოზიციური პარტიების გარდა მონაწილეობდნენ ასევე აშშ რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო ფონდი საარჩევნო სისტემებისთვის (IFES).

წესებს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის, კენჭისყრის დღის პროცედურების, ხმის დათვლის, დავების განხილვის და სხვა საკითხების შესახებ პრაიმერში მონაწილეობის მსურველმა ოპოზიციურმა ძალებმა 1 დეკემბრამდე უნდა მოაწერონ ხელი.

ამ დრომდე ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატებად დასახლდნენ ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი; კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. საპარლამენტო ოპოზიციიდან ქრისტიან-დემოკრატებმა ასევე გააკეთეს საჯარო განაცხადი, რომ აპირებენ კანდიდატურის დასახელებას. თუმცა ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის გარდა, გაურკვეველია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სხვა ოპოზიციური კანდიდატები პრაიმერში, რომელიც ცოტა ხნის წინ ალასანიამ შეაფასა, როგორც ”სწორი იდეა”.

პრაიმერის წესების პროექტის თანახმად, წინასწარი არჩევნებისთვის შეიქმნება ცენტრალური, საოლქო და საუბნო დამოუკიდებელი კომისიები.

თბილისის პრაიმერში ამომრჩევლები მერობისა áƒ“ა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეარჩევენ; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% +1 ხმას; დამარცხებულები კი აღიარებენ წინასწარი არჩევნების შედეგებს.

იმავდროულად, გათვალისწინებულია 1-28 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მექანიზმიც, რომლის დროსაც აბონენტმა უნდა უპასუხოს სამ შეკითხვას: აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას; ხელისუფლების კანდიდატს დაუჭერს მხარს თუ ოპოზიციისას; და რომელ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს (ჩამონათვალის მიხედვით).

დებულების პროექტის თანახმად,  პრაიმერის საფუძველზე ადგილობრივი არჩევნებისთვის იქმნება ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო ბლოკი.

Civil.Ge © 2001-2024