ალიანსი საქართველოსთვის ადგილობრივი არჩევნების ტაქტიკაზე მუშაობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Nov.'09 / 14:08

ალიანსი საქართველოსთვის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით მიიღებს თუ არა ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში მომავალ კვირას ამომრჩევლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გაახმოვანებს, განაცხადა ალიანსის წევრმა ზურაბ აბაშიძემ 27 ნოემბერს.

სამი პარტიისგან შემდგარი ალიანსი საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილების, კერძოდ კი თბილისის მერის ასარჩევად 30%-იანი ბარიერის დაწესების წინააღმდეგია.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ალიანსი საქართველოსთვის მონაწილეობას არჩევნებში შემოთავაზებული სისტემით, ალიანსის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია”: ”მომავალ კვირას ჩვენ განვახორციელებთ სერიოზულ შეხვედრებს მოქალაქეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან; ჩვენ გავივლით კონსულტაციებს და ამის შედეგად, [საზოგადოების] განწყობებიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული”.

”ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას... ყველაფერია შესაძლებელი, ამიტომ დაველოდოთ მომავალ კვირას; თავად ირაკლი ალასანია გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და საზოგადოებისთვის გახდება ნათელი. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისთვის და ნამდვილად გავიმარჯვებთ,” - დასძინა მან.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალი კვირიდან გეგმავს, ითვალისწინებს 30%-იან ბარიერს დედაქალაქის მერის ასარჩევად, ასევე თბილისის საკრებულოს არჩევის წესს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესს და საარჩევნო დარღვევებზე საჩივრების შეტანის პროცედურებს.

გარდა ამისა, საკრებულო იქნება 50-წევრიანი, რომელშიც 25 პროპორციული წესით და 25 მაჟორიტარი  ერთმანდატიანი ოლქებიდან, ყოველგვარი ბარიერის გარეშე აირჩევა. პროპორციული მანდატების მოსაპოვებლად კი პარტიებს 4%-იანი ბარიერის გადალახვა დასჭირდებათ. 

ამ წინადადებების თანახმად, შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ოპოზიციურ ხმათა უმრავლესობას, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნები იქნებიან ოპოზიციური პარტიებიდან.

ალიანსი საქართველოსთვის იმ სისტემას სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც საუბნო კომისიების ნახევარს მმართველი პარტიის წარმომადგენლები უხელმძღვანელებდნენ, მეორე ნახევარს კი - ოპოზიციის კანდიდატები.

 

Civil.Ge © 2001-2024