საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Dec.'09 / 19:32

პარლამენტმა დღეს 96 ხმით 3-ის წინააღმდეგ áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლი მოსმენით დაუჭირა მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მაისში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ თბილისის თვითმმართველობის არჩევის წესებს განსაზღვრავს.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც მმართველი პარტიიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა წარადგინა, თბილისში áƒ›áƒ”რის პირდაპირი არჩევნები ჩატარდება. მერობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებს.

არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს სხვებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 30%-ისა. თუ ხმათა აღნიშნული რაოდენობა ვერ მოაგროვა ვერცერთმა კანდიდატმა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას áƒ“ააგროვებს.

30%-იანი ბარიერი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში იყო წარმოდგენილი და მერის მაღალი ლეგიტიმურობისთვის 50%-იან ბარიერს ითხოვდა, წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ უჭერს, რის გამოც ცვლილებები კონსენსუსის გარეშე ხორციელდება.

კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგანაც 25 წევრი, უბარიეროდ აირჩევა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, 25 წევრი კი აირჩევა პროპორციული წესით. პროპორციული წესით მანდატები განაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც  4%-იან ბარიერს გადალახავენ. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებს. მანდატებს მიიღებს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს.

მაჟორიტარული ოლქები შეიქმნება თბილისის 10 საარჩევნო რაიონის ბაზაზე. კანონპროექტის მიხედვით, 10 ოლქის 25 ერთმანდატიან ოლქებად დაყოფას ცესკო უზრუნველყოფს, თუმცა კუბლაშვილმა არ გამორიცხა მანდატების გადანაწილების კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის ასახვა.

კანონპროექტის მიხედვით, ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან, სადაც 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, დანარჩენ 7 წევრს ნიშნავენ პარტიები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 4% ან თვითმმართველობის არჩევნებზე 3% მაინც მიიღეს. ამ კრიტერიუმს სულ 13 ოპოზიციური პარტია აკმაყოფილებს, რომელთაგანაც ზოგიერთი ადრე ბლოკში იყო გაერთიანებული.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის მიხედვით, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცესკოს ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად, რომლებიც ხმათა უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, მაშინ წარდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

ამ კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ კონკურსის წესით შერჩეულ ცესკოს მოქმედ წევრებს და იანვარში მოხდება კომისიის ხელახლა დაკომპლექტება, ნათქვამია კანონპროექტში.

საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნები ოპოზიციური წევრებიდან აირჩევიან, მაგრამ თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მდივანს წარდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობით, ნათქვამია კანონპროექტში.

ამასთან, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ  მმართველი პარტია არ აპირებს დათანხმდეს ოპოზიციის შეთავაზებას ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ხმათა 2/3-ით დამტკიცებისა და საოლქო კომისიებში ოპოზიციური წევრების შეყვანის თაობაზე.

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტში გაწერილია კენჭისყრის პროცედურები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და მკაცრდება სანქცია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორებისათვის.

ვიდეოთვალის საარჩევნო უბნებზე დამონტაჟება დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, მაგრამ კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ასეთი სათვალთვალო კამერები ”შეიძლება განთავსებულ იქნეს”. ამასთან, ვიდეოთვალის ჩანაწერი არ არის საჯარო ინფორმაცია.

2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმით  ვიდეოთვალით გადაღებული მხოლოდ ის 15-წუთიანი მონაკვეთი იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც  საარჩევნო უბანში მყოფი უფლებამოსილი პირი კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით გამოითხოვდა. საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში ეუთო გამოვიდა რეკომენდაციით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოთვალის დაკანონება მოხდებოდა, მისი სრული ჩანაწერი ყოფილიყო შეუზღუდავად ხელმისაწვდომი.

ცვლილებების პროექტით, გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ საარჩევნო უბნებში, ე.წ. სპეცუბნებში პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ ხმა მისცენ მაჟორიტარ კანდიდატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უბანი მისი მუდმივი საცხოვრებლის ოლქშია განთავსებული.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, სპეცუბნებთან დაკავშირებით შესაძლოა  დამატებითი შეზღუდვები ჩაიდოს პროექტში, ისევე როგორც მეორე მოსმენისთვის იგეგმება საარჩევნო სიების მონიტორინგის მექანიზმების ასახვა.

პროექტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს  მიეცა უფლება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე, თუმცა ეს ნორმა შესაძლოა მეორე მოსმენისთვის შეიცვალოს. 

ამასთანავე, საჩივრების წარდგენის პროცედურები დაკონკრეტდა და გასაჩივრების ვადა ზემდგომ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოში განისაზღვრა 48 საათით, ნაცვლად ერთი დღისა. 

ამასთან, საარჩევნო პროცედურების ვადების ათვლა დაიწყება არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე, ნაცვლად 40 დღისა. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ”არასაკმარისია” დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად. ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან ასევე მოუწოდა ცვლილებებით აიკრძალოს  სახელმწიფო სახსრების წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენება და ასევე პრეზიდენტისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობა. 

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტით წინასწარ განუსაზღვრელი პროექტების განხორციელების აკრძალვას.  

Civil.Ge © 2001-2024