ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პერევიდან რუსული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Dec.'09 / 18:46

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გაიყვანოს ძალები სოფელ პერევიდან და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

საჩხერის რაიონის სოფელი პერევი ცხინვალის რეგიონს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება და შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული. 

შარშან, 12 დეკემბერს რუსეთმა გაიყვანა ძალები პერევიდან, თუმცა იმავე დღეს მას შემდეგ, რაც ქართული პოლიცია შევიდა სოფელში, რუსი ჯარისკაცები კვლავ უკან დააბრუნა და ხელახლა გაამაგრა სოფელში არსებული საგუშაგოები. 

“ერთი წლის წინ, ევროკავშირთან გამართული დისკუსიების შემდეგ, ჩვენ მივესალმეთ რუსეთის ძალების პერევის საგუშაგოდან გასვლას, სადაც მათი ქმედება ადასტურებდა ჩვენ მუდმივ შეხედულებას, რომ საგუშაგო ნამდვილად თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს,”- განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

”სამწუხაროდ, ამის შემდგომ მალევე, რუსეთის ძალები კვლავ დაბრუნდნენ და დღემდე იმყოფებიან თავდაპირველ ადგილას. ეს ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევაა. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება შეძლებს თავისი ვალდებულებების შესრულებას,”- აღნიშნა მან.

მისიამ ასევე განაცხადა, რომ მან რუსულ მხარეს შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული პირობების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ძალების გასვლის შემთხვევაში, აღნიშნული ტერიტორიის თანმიმდევრული გადაბარება მოხდება.

 

 

Civil.Ge © 2001-2024