ნაურუმ ცხინვალთანაც დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Dec.'09 / 15:59

ნაურუმ, სოხუმის შემდეგ, 16 დეკემბერს ცხინვალთანაც გააფორმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება, რაც სეპარატისტების განცხადებით, მათი აღიარებაა.

შესაბამის შეთანხმებას ნაურუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კირიენ კეკემ დღეს მოსკოვში მოაწერა ხელი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ელჩთან რუსეთში დიმიტრი მედოევთან ერთად, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო.

ანალოგიური შეთანხმება ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს სოხუმში ვიზიტისას სეპარატისტულ აფხაზეთთანაც გააფორმა, რასაც წინ უძღოდა მისი ვიზიტები ცხინვალსა და მოსკოვში.

”წყნარი ოკეანის რეგიონიდან ჩვენი ამ პარტნიორის ნაბიჯი დამატებით აძლიერებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო-სამართლებრივ მდგომარეობას,”- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 16 დეკემბერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სკეპტიკური კომენტარები, მეტყველებს თბილისის ”გულგრილ” დამოკიდებულებაზე ”პატარა ერების და სახელმწიფოების” მიმართ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ნაურუს გადაწყვეტილება ”კომედიაა” და საერთაშორისო პოლიტიკაში ”ეს არაფერს არ ცვლის”.

”50 მლნ დოლარად იყიდეს აღიარება რუსებმა,”- განაცხადა მან, ”და თუ ვინმეს უხარია, რომ ვენესუელას და ნიკარაგუას მიემატა კიდევ ნაურუ, რომელიც გუშინწინ არავინ არ იცოდა, უხაროდეს”. 

ნაურუ, წყნარ ოკეანეში მდებარე ეს კუნძულოვანი ჯუჯა რესპუბლიკა მეოთხეა მსოფლიოში, ვინც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ნაურუ ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ მოსკოვისგან ფინანსურ დახმარებას ელის.

Civil.Ge © 2001-2024