პარლამენტმა ჩააგდო ”ყველა მერის” პირდაპირი წესით არჩევის წინადადება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'09 / 18:19

დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრაზე 7 ხმით 29-ის წინააღმდეგ ჩააგდო ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა ოთხ თვითმმართველ ქალაქში ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში მერების პირდაპირ არჩევის თაობაზე. 

ამდენად, 2010 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე მერი პირდაპირ მხოლოდ დედაქალაქში აირჩევა მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეის ხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”გამოხატა მზადყოფნა მომავალ წელს ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე”. 

გარდა მერების პირდაპირი არჩევისა, თვიმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა წარადგინეს, ითვალისწინებდა დებულებას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იმვადროულად ყოფილიყო  გამგებელი, ხოლო სოფლის რწმუნებულები დანიშვნის ნაცვლად, ადგილზე ყოფილიყვნენ არჩეულნი.

პარლამენტმა ეს წინადადებებიც უარყო და სანაცვლოდ მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს.

Civil.Ge © 2001-2024