ცხინვალმა სამი მოზარდი გაათავისუფლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'09 / 14:36

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა სამი ქართველი მოზარდი, ორი 4 ნოემბერს, ხოლო ერთიც ივლისში დაკავებული.

17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური 4 ნოემბერს დააკავეს კიდევ ორ ტირძნისელ მოზარდთან გიორგი რომელაშვილთან და ალეკო ცაბაძესთან ერთად. ეს უკანასკნელები ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის შუამავლობით 2 დეკემბერს გაათავისუფლეს. იმავე დღეს თბილისმა დაკავებული ხუთი ოსი პიროვნება გაათავისუფლა.

გიორგი არჩევაძე, რომელიც ივლისში დაკავების დროს 15 წლის იყო,  დღეს ასევე გაათავისუფლეს სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის ”შეწყალების” აქტის საფუძველზე.

კომისარი ჰამერბერგი, რომელიც ამ კვირაში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, ცხინვალში 19 დეკემბრის დილიდან იმყოფებოდა. იქ იყო ასევე რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმერ ლუკინიც.

სამი ქართველი მოზარდის გათავისუფლების შესახებ პირველი ცნობა ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის პრესსამსახურმა გაავრცელა, დაუკავშირა რა ეს ფაქტი ”წარმატებულ” მოლაპარაკებებს ნოღაიდელსა და სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის, რომელიც დღეს დილით ცხინვალში შედგა.

ნოღაიდელმა გათავისუფლებული მოზარდები ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოაცილა. მასთან ერთად იყო ასევე თომას ჰამერბერგიც, რომელმაც ერგნეთის საგუშაგოსთან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას ორივე მხარეს დარჩენილი დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.

ნოღაიდელმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კოკოითის გადაწყვეტილება სამი მოზარდის გათავისუფლების თაობაზე ”ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორია”.

Civil.Ge © 2001-2024