მთავრობაში ორი ახალი მინისტრი დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Dec.'09 / 13:59

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალ მინისტრად ხათუნა კალმახელიძე, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაპუნა დავითაია დაინიშნა.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა,  იულონ გაგოშიძემ თანამდებობა დატოვა. 74 წლის გაგოშიძე მთავრობაში ერთწლიანი მუშაობის დასასრულს ”არქეოლოგიური ცენტრის” უფროსი გახდება - ეს ცენტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაარსდება. 

გაგოშიძის თანამდებობიდან გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს მის ბოლო დროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები, გარდა აფხაზებისა, უნდა აღიქმებოდნენ, როგორც სხვა ქვეყნების ”დიასპორები” საქართველოში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის თანამდებობა ორი კვირის წინ გახდა ვაკანტური მას შემდეგ, რაც ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი განათლების და მეცნიერების მინისტრად გადავიდა, შეცვალა რა ამ პოსტზე ნიკა გვარამია.

ახალი მინისტრები დღეს პრემიერმა ნიკა გილაურმა მთავრობის კანცელარიაში წარადგინა.

პენიტენციალური სისტემის ახალი ხელმძღვანელი ხათუნა კალმახელიძე ბოლო ერთი წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო დიასპორის საკითხების ახალი კურატორი პაპუნა დავითაია პარლამენტის წევრი და აგვისტოს ომზე გადაღებული ამერიკული ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი იყო.

კალმახელიძემ, რომელიც ერთადერთი ქალი მინისტრია კაბინეტში, განაცხადა, რომ შეეცდება კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს იმ ფონზე, როცა ”ბოლო პერიოდში განხორციელდა დიდი რეფორმები ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხით და პენიტენციალური სისტემის რეფორმა არის ამ კუთხით ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”.

მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას არ საჭიროებს, ვინაიდან ამისთვის მინისტრების 1/3 მაინც უნდა შეიცვალოს. 

Civil.Ge © 2001-2024