20 დეკემბერს ეჭვმიტანილად იქნა დაკავებული სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე; სასამართლომ უკვე მიუსაჯა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმები ითვალისწინებდა უსაფრთხოების ზონის შექმნას და მოსახლეობის ევაკუაციას მონუმენტის გარშემო სულ ცოტა 300 მეტრის რადიუსში. თუმცა, პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, ეს ნორმა დაირღვა და პოლიციამ, "საქფეთქმრეწვის" რეკომენდაციით, მხოლოდ 211-მეტრის რადიუსზე მოახდინა ტერიტორიის შემოღობვა, ხოლო ხალხი, მათ შორის ორი მსხვერპლიც აფეთქების დროს მემორიალიდან 273.5 მეტრში იდგა. პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "საქფეთქმრეწვმა" დამცავი ბადე დაამონტაჟა, ბადე არ ყოფილა იმ სიმაღლის, რომ შეეჩერებინა აფეთქების შედეგად გამოსროლილი ბეტონის ნატეხები. 46-მეტრის სიმაღლის მონუმენტის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილმა ბეტონის ნამტვრევებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა - ეს სცენა ვიდეოზეა ასახული (გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ტრაგედიის ამსახველ, მათ შორის დაღუპული ბავშვის კადრებს), რომელიც სავარაუდოდ ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელიც სხვებთან ერთად ეზოდან აკვირდებოდა აფეთქებას, მობილური ტელეფონით გადაიღო. ხელისუფლების გადაწყვეტილება მემორიალის აღებასთან დაკავშირებით თავიდანვე საკამათო იყო და ბევრმა ოპოზიციური პარტია გმობდა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ოპონენტებიც და ბევრი ადგილობრივი მოსახლეც აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ახალი პარლამენტის შენობის აშენება იგეგმება, საკმარისზე დიდია მშენებლობისთვის და მემორიალის დანგრევა სულაც არ იყო საჭირო. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც 21 დეკემბერს დანგრეული მემორიალის ადგილას შეიკრიბნენ, ორი ადამიანის დაღუპვას ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და პრეზიდენტ სააკაშვილის ”ახირებას” აბრალებდნენ. ზოგიერთი ქართული მედია საშუალება ვარაუდობს, რომ აფეთქება ნაჩქარევად განხორციელდა. თავდაპირველად, მემორიალის დემონტაჟი 21 დეკემბერს იგეგმებოდა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, სწორედ ამ დღეს გეგმავდნენ საპროტესტო აქციის გამართვას. |
||||
Civil.Ge © 2001-2025