ოპოზიციური ’პრაიმერისკენ’ მოწოდებებს ნოღაიდელის პარტიაც შეუერთდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Dec.'09 / 16:07

კონსერვატიული პარტიისა და ხალხის პარტიის მოწოდებებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ”პრაიმერის” გზით ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების შერჩევის თაობაზე áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒšáƒ˜ პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვისაც შეუერთდა.

სამივე პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ მოუწოდეს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მიიღონ მონაწილეობა ”პრაიმერში”, რომლის აუცილებლობა, ინიციატორთა განცხადებით, კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება არ დათანხმდა თბილისის მერისა და მაჟორიტარი კანდიდატების 50%-იანი ბარიერით არჩევას.

”სხვა გამოსავალი ოპოზიციას აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ისინი შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატებზე [ხელისუფლების კანდიდატების წინააღმდეგ],”- განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგური კონსერვატორებმა, ხოლო კობა დავითაშვილი ხალხის პარტიამ უკვე დაასახელეს დედაქალაქის მერობის კანდიდატებად. 

ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის, როგორც კანდიდატი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ”მაგრამ კოორდინაციას გავუწევ ჩვენს საარჩევნო კამპანიას”.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართო ოპოზიციური გაერთიანება შედგეს. მე მგონი, ეს არის საზოგადოებრივი შეკვეთა,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს გაერთიანება და განვითარება ვერ ჯდება ისეთ სცენარში, თუ ”სააკაშვილი გააგრძელებს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, კონფრონტაციას მეზობლებთან, ძეგლების ნგრევას”.

”ან საქართველო ან სააკაშვილი - ესაა არჩევანი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ,”- დასძინა მან.

”პრაიმერის” იდეის მხარდამჭერთა განცხადებით, 20 იანვრამდე გაგრძელდება კონსულტაციები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, რათა მიღწეული იქნას შიდა ოპოზიციური არჩევნები არაუგვიანეს 2010 წლის 28 მარტისა.

პირველად არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თბილისის მერობის  კანდიდატად ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია დასახელდა.  ალასანიამ განაცხადა, რომ ”სკეპტიკურად” არის განწყობილი პრაიმერის მიმართ, თუმცა ალიანსს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

Civil.Ge © 2001-2024