სააკაშვილი: რუსეთის ახალი ფართომასშტაბიანი ავანტიურა ქართველი ხალხის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Dec.'09 / 16:49

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ახალი ფართომასშტაბიანი ავანტიურის შემთხვევაში მთელი ქართველი ხალხი უნდა დადგეს ”სამშობლოს და მისი თავისუფლების” დასაცავად.

”ჩვენ ილუზია არ გვაქვს - საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ომი და საქართველოს მიმართ ყოველდღიურად ისმის მუქარა, მაგრამ მტერსაც ილუზია არ უნდა ჰქონდეს. ყოველგვარი ახალი ფართომასშტაბიანი ავანტიურა გადააწყდება თოთოეული ქართველი ჯარისკაცის, ოფიცრის და მთელი ქართველი ხალხის სამკვდრო-სასიცოცხლო, გააფთრებულ წინააღმდეგობას. ჩვენ ჩვენ სამშობლოს და მის თავისუფლებას, სანამ თითოეული ჩვენგანი ცოცხალია, არასდროს არ დათმობს და არასდროს არავის არ ჩააბარებს,”- განაცხადა სააკაშვილმა 26 დეკემბერს.

”ქართველი ხალხი საქართველოს დაიცავს და ვერანაირი ღალატი, ვერანაირი ყველაზე უფრო ზნედაცემული გამყიდველობა, ვერანაირი მუქარა და ვერანაირი ყველაზე უფრო დიდი მტრის მიერ განხორციელებული ყველაზე უფრო თავზეხელაღებული ქმედებაც, ჩვენ ვერ აგვაღებინებს ხელს ჩვენს თავისუფლებაზე,”- განაცხადა მან.

ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე საუბრისას, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო და მისი შეიარაღებული ძალები შედგა, როგორც ”ბრძოლისუნარიანი შენაერთი”, საკმარისი გამოცდილება დააგროვა შარშანდელი ომის შედეგად და კვლავაც იწვრთნება ავღანურ ოპერაციაში. 

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის დაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საქმე.

”ცალკე აღებული 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ვერაგ, მონღოლების მემკვიდრე ურდოს, რომელიც ემუქრება საქართველოს საზღვრებს და შემოსულია საქართველოს შიგნით, ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია”.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება ”ქუდზე კაცი და ქუდზე ქალი” უნდა გამოვიდეს.

”როდესაც ეს მომენტი დადგება და თუ დადგება - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დადგეს, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო ყოველთვის ამისთვის უნდა ემზადებოდეს, მითუმეტეს ჩვენ მდგომარეობაში მყოფი, თითოეული ქართველი კაცი და ქალი იქნება საქართველოს მებრძოლი, უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად - არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ვგულისხმობ, ეს დღესაც ასეა, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სათანადოდ საქართველოსთვის საბრძოლველად, უნდა იყოს აღჭურვილი”.

მისი თქმით, ”თითოეული ამ მებრძოლის აღჭურვა ჩვენ უკვე გაგვაჩნია”, ასევე შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ”მასობრიობა”.

”უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ სიხე-სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად,”- განაცხადა სააკაშვილმა.   

”ჩვენ ერთი რამე ვისწავლეთ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს,”- განაგრძო მან, ”როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში 100, 200, 300 ათასი კაცი და თუ საჭიროა ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს, და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს, ახლა სულ მცირე რამე რჩება - საკმარისი რაოდენობის მომზადებული ხალხი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით... ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა. დრო მუშაობს თქვენს წინააღმდეგ და მე მინდა, რომ ეს თქვენ კარგად გააცნობიეროთ... ვერ ვიქნებით დამოკიდებული მტრის კეთილ ნებაზე”.

გვარდიის ახალი შენობის გახსნისას მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ”უხმაუროდ”, მაგრამ ”მტკივნეული რეფორმები” გატარდა, მათ შორის პირად შემადგენლობასთან მიმართებაში.  მას მხედველობაში ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესი. გაზეთი ”რეზონანსი” წერდა, რომ თავდაცვის სამინისტროდან 150 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.

პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებულ ძალებში ”ახალი შევსება” მოდის.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში შეიარაღებული ძალების ”ძალიან სწორი გადაჯგუფება” განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში პირველი ბრიგადისა და საარტილერიო ბრიგადის თბილისსა და მის შემოგარენში გადმოყვანა მოხდა გორიდან.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგება ფეხზე და ”იგებს მშვიდობას” და სწორედ ეს აღიზიანებს ”მტერს”.

”მაგრამ იმისათვის, რომ მშვიდობა არ დაგვირღვიოს, მან უნდა იცოდეს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობას აგებს და ეს არ სიამოვნებს, ომსაც წააგებს და ამიტომ ომზე არ უნდა წამოვიდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

25 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წელი არის ვეფხვის წელი და ”ჩვენი ვეფხვი არის გამზადებული ჩასაფრებული ნახტომისთვის... მომავალ წელს თუ იმის შემდეგ, ჩვენ ამას ვნახავთ”.

”ჩვენ ამ ნახტომს სწორი მიმართულებით აუცილებლად გავაკეთებთ,”- განაცხადა მან, ”როგორი ნადირობაც არ უნდა იყოს გამოცხადებული ამ ვეფხვზე, ვეფხვი აღმოჩნდება მონადირეზე ჭკვიანი. ჩვენ უკვე ვიცნობთ ამ მონადირეს”.

Civil.Ge © 2001-2024