გია ჭანტურია ”საუკეთესო” კანდიდატია თბილისის მერობისთვის - თარგამაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Dec.'09 / 15:47

ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”დიდი ალბათობით” მათი კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებში გია ჭანტურია იქნება.

ჭანტურია შევარდნაძის მმართველობის დროს ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელის რანგში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის აქტიური განმახორციელებელი იყო. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ იგი საქართველოში არ მოღვაწეობდა.

”ძალიან პერსპექტიული არის ჩვენი ურთიერთობა და დიდი ალბათობით ეს ასე მოხდება კიდეც, რომ ჩვენ საერთო მიზნების მისაღწევად გამოვალთ თვითმმართველობის არჩევნებში და ძალიან სერიოზული შანსიც გვექნება,”- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისი თქმით, ჭანტურიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია მართვის, ადამიანებთან კომუნიკაციის, პროექტების წარმატებულად დასრულების და თავისი კონტაქტების თვალსაზრისით და ”არის ერთ-ერთი, თუ საუკეთესო კანდიდატურა არა, თბილისის მერობისთვის”. 

 

Civil.Ge © 2001-2024