”პირველი კავკასიური არხი“ ინტერნეტში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jan.'10 / 22:29

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რუსულენოვანი ”პირველი კავკასიური არხი“ აამოქმედა, რომელიც ჯერ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი მისამართზე www.1k-tv.com.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ დეკემბერში განაცხადა, ახალი არხის მაუწყებლობა მოგვიანებით სატელიტით და საკაბელოთი განხორციელდება.

”ჩვენ არ გვსურს შეფასებების გაკეთება, ჩვენ გვინდა ფაქტები მოგაწოდოთ,“ –  ნათქვამია ”პირველი კავკასიური არხის“ ვებ–გვერდზე, ”[გვსურს] ასევე ვისაუბროთ იმ ფაქტებზე, რომლებიც სხვა რუსულენოვანი არხების ეკრანს მიღმა რჩება.“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლისგანაც არხმა ინტერვიუ აიღო, განაცხადა, რომ ის ”კმაყოფილია“  ახალი ”მძლავრი რუსულენოვანი არხის გამოჩენით საქართველოში.“

”ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რუსული ენა; ეს არის ცივილიზაციის, კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი პლასტი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

”მეორეს მხრივ, ეს [ტელეარხი] არის ჩვენი საზოგადოების დიალოგის მუდმივი არხი ჩვენ მეზობელ საზოგადოებებთან და ხალხებთან – დიალოგის საზღვრებს გარეშე და დიალოგი ყოველგვარი შეზღუდვების თუ სასაზღვრო გამშვები პუნქტების გარეშე. 21–ე საუკუნეში ინფორმაციას საზღვრები არ გააჩნია; შეუძლებელია ინფორმაციის ნაკადის შეჩერება და შეუძლებელია დამალო სიმართლე,“ – დასძინა მან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ განუცხადა ”პირველი კავკასიური არხის“ საინფორმაციო გამოშვებას, რომ ეს არხი მაყურებელს მისცემს საშუალებას ”შეიტყოს ისეთი ფაქტები, როგორც ისტორიული, ასევე მიმდინარე მოვლენები, რომელთა გაგებაც შეუძლებელია სხვა რუსულენოვანი ტელეარხებიდან.“

”განსაკუთრებით კი რუსული მედიის საშუალებებიდან,“ – დასძინა მან, ”ჩვენ კავკასიის ხალხების სამსახურში ვართ.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ დეკემბერში განაცხადა, რომ ახალი ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების 70% საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას დაეთმობა, დანარჩენი კი მსოფლიოს ახალ ამბებს, მათ შორის რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს.

”პირველ კავკასიურ არხს“ საინფორმაციო გამოშვება დღეში ოთხჯერ ექნება – 12:00; 15:00; 19:00 და 22:00 საათზე.

ამის გარდა, ახალ არხზე საავტორო გადაცემებიც გავა; მათ შორის ”კავკასიური პორტრეტი“, რომელიც კულტურის თემებზე იქნება და რომელსაც ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა წარუძღვება.

Civil.Ge © 2001-2024