თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დარჩენას არ გამორიცხავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Jan.'10 / 12:53

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან თარხნიშვილმა არ გამორიცხა ამ თანამდებობაზე დარჩენის ”თეორიული” შესაძლებლობა, ”თუ პრეზიდენტი გადაწყვიტავს, რომ მანაც მიიღოს მონაწილეობა კონკურსში”.

”ვნახოთ, ყოველ შემთხვევისთვის არ გამოვრიცხავ,”- განუცხადა თარხნიშვილმა ”რუსთავი 2”-ს 4 იანვარს.

თარხნიშვილს უფლებამოსილება 1 იანვარს შეუწყდა და ის, საარჩევნო კოდექსში დეკემბერში მიღებული ცვლილებების თანახმად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

ამავე წესების თანახმად, პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე 8 იანვრამდე უნდა შეარჩიოს ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი, რომელთაგან ერთი თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს 6-მა ოპოზიციურმა წევრმა 11 იანვრამდე უნდა აირჩიოს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ცესკოს ოპოზიციური წევრების სულ მცირე  4 ხმა მაინც, მაშინ თავმჯდომარის დამტკიცების პროცედურა უკვე პარლამენტში ინაცვლებს.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარეს აუცილებელია გააჩნდეს საარჩევნო მოხელის სპეციალური სერტიფიკატი.

იმავდროულად, იანვარში პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ კონკურსის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატურებიდან ცესკოს სამი ახალი წევრი უნდა დაამტკიცოს. 1 იანვარს ცესკოში უფლებამოსილება შეუწყდა იმ სამ მოქმედ წევრს, რომელთაც ამ თანამდებობებზე ყოფნის ვადა 2010 წელს ეწურებოდათ.

Civil.Ge © 2001-2024