მუხროვანის საქმე: მოსამართლე განაჩენს 11 იანვარს გამოაცხადებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'10 / 15:17

მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი სასამართლო პროცესის მოსამართლემ 8 იანვარს განაცხადა, რომ ის განაჩენს 11 იანვარს გამოაცხადებს.

ამ განცხადების გაკეთებამდე მოსამართლემ ოთხი განსასჯელის საბოლოო სიტყვას მოუსმინა. მათ შორის იყო რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე. განსასჯელთა უმეტესობამ საბოლოო სიტყვები 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე წარმოთქვეს.

ამირიძეს, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, ბრალი ედება ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებასა და დაუმორჩილებლობაში. სასამართლო პროცესის ადრეულ ეტაპზე ამირიძემ აღიარა დანაშაული დაუმორჩილებლობის ნაწილში, თუმცა ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხების მოწყობაში მან თავი დამნაშავედ არ სცნო. ბრალდების მხარემ ამირიძისთვის 29-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. 

”მე მქონდა უკმაყოფილება, მაგრამ არა ხელისუფლების, არამედ სამხედრო მეთაურების მიმართ და ჩემს უკმაყოფილებას სარდლობასთან საუბრებში გამოვხატავდი,” - თქვა ამირიძემ თავის საბოლოო სიტყვაში.

რეინჯერთა ბატალიონი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში შედიოდა დაშეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს პირდაპირ ემორჩილებოდა. აგვისტოს ომის დროს ბატალიონმა რამოდენიმე კვირა მტრის ზურგში გაატარა.

”ჩემი ბატალიონი ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. ისიც კი არ გვითხრეს რომ [ქართული სამხედრო შენაერთები] უკან იხევდნენ. ჩვენ მტრის ზურგში, 30 კილომეტრის სიღრმეში, 27 აგვისტომდე დავრჩით. ჩვენ დანაკარგების გარეშე შევასრულეთ ყველა ამოცანა... ჩვენმა ბატალიონმა ჩამოგდებული TU-22 სტრატეგიული ბომბდამშენის ორი რუსი პილოტი აიყვანა,” - განაცხადა ამირიძემ.

”ამის მიუხედავად, არავის აზრად არ მოსვლია მოსულიყო და მოეკითხა ეს ბატალიონი,” - დასძინა მან.

სახმელეთო ძალების მეთაურმა შმაგი თელიამ, რომელმაც სასამართლოს ბრალდების მოწმის სტატუსით 3 ნოემბერს მისცა ჩვენება, განაცხადა, რომ ამირიძემ და შოთა (მამუკა) გორგიაშვილმა, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის მაშინდელმა მეთაურმა, მასთან საუბრისას 5 მაისის დილით ”უკმაყოფილება გამოხატეს შიდაუწყებრივ საკითხებზე,”

ბრალდების მხარის მოსაზრებით, შეთქმულთა გეგმა ითვალისწინებდა თბილისში სტრატეგიული ობიექტების დაკავებას მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონის და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გამოყენებით. ამ ვერსიის თანახმად, რეინჯერთა ბატალიონის სამხედროები უნდა შეერთებოდნენ მუხროვანის ბატალიონს 2009 წლის 5 მაისს დილით ადრე და შემდეგ ერთად დაძრულიყვნენ დედაქალაქისკენ, რათა დაეკავებინათ თბილისის აეროპორტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და პარლამენტის შენობები.

”პროკურატურა ჩემი ბაზიდან [ორთაჭალის რეინჯერთა ბატალიონის ბაზიდან] 200-300 მეტრშია,” - განუცხადა ამირიძემ, ”ტაქტიკურად სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა, რომ მე ჩემი სამხედროები ჯერ მუხროვანში ამეყვანა და მერე იქიდან უკან გამოვბრუნებულიყავით, რათა თბილისში ეს შენობები აგვეღო”.

ამირიძის თქმით, მისი და გორგიაშვილის სატანკო ბატალიონის კოლონა, ერთად აღებული, 7 კილომეტრზე გაიწელებოდა და ამხელა კოლონის სვლა თბილისისკენ, მითუმეტეს რომ გზად მათ ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს უნდა გაევლოთ, უსაფრთხო ვერ იქნებოდა და ამდენად, ტაქტიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ასეთი გეგმის არსებობა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი ბატალიონის ერთ-ერთი ასეულის ყოველდღიურ დავალებას თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებულ შტაბის დაცვა წარმოადგენდა. ”იქ ჩემი ხალხი იდგა... და რომ მდომოდა ამ შენობების ბლოკირებას მოვახდენდი,” - განაცხადა ამირიძემ.

”მე პროფესიონალი ვარ. არც ერთი ამოცანა არ ჩამიგდია. მე ერთ-ერთ საუკეთესო რაზმს ვმეთაურობდი. მე რომ ამბოხი დამეგეგმა, მე ამას შევასრულებდი... მაგრამ ეს არც ჩემს და არც გორგიაშვილის ამოცანაში არ შედიოდა,” - დასძინა 32 წლის ყოფილმა სამხედრო მეთაურმა.

კიდევ ერთმა ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, კახა კობაიძემ, რომელმაც ასევე უარი თქვა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე, განაცხადა თავის მოკლე საბოლოო სიტყვაში 8 იანვარს, რომ მას ”არანაირი ილუზია” არ გააჩნია, რომ ”ვინმეს ამ დარბაზში გაათავისუფლებენ”.

”მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სიმართლესთან მიახლოებული განაჩენი გამოიტანოთ, რათა მომავალში სინანული არ გქონდეთ,” - მიმართა კობაიძემ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს. 

კობაიძეს, რომელიც მესამე ბრიგადის მეთაური იყო, ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალდების მხარის განცხადებით, მან ამირიძისგან და გორგიაშვილისგან იცოდა, რომ ამბოხი იგეგმებოდა და მონაწილეობაც შესთავაზეს, თუმცა კობაიძემ ამის შესახებ ზემდგომებს არ შეატყობინა. კობაიძე ბრალდებას უარყოფს. პროკურორმა მისთვის 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ჯარიმა მოითხოვა.

ასევე 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე დაამტკიცებს საპროცესო გარიგებას ზაზა სანდოძესა და პროკურატურას შორის. სანდოძე სამოქალაქო პირია; სანდოძე, რომელიც კობა ოთანაძის ნათესავია, თავდაპირველად მის მიმართ წაყენებულ იარაღის უკანონო შენახვის, დანაშაულის დაფარვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა შემდეგ აღიარა; საპროცესო გარიგებით მას ორწლიან პატიმრობას მიუსჯიან.
 
ამჟამად, მოსამართლის განაჩენს სულ 20 განსასჯელი ელოდება.

Civil.Ge © 2001-2024