ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა დაირღვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'10 / 19:32

პრეზიდენტი სააკაშვილი, მოსალოდნელია, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს წარადგენს 10 იანვარს - კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ორი დღის დაგვიანებით. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 8 იანვარს შეხვდა პოტენციურ კანდიდატებზე სამსჯელოდ და იმ შეხვედრის ორგანიზების მიზნით, რომელსაც პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გეგმავს.

როგორც ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, პრეზიდენტი სამ კანდიდატს მიუნხენიდან დაბრუნების შემდეგ, 10 იანვარს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში áƒ“აასახელებს.

საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებში, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა და ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, პირდაპირ წერია: ”საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს”.

8 იანვარს, 18 საათის შემდეგ ცესკოში კანდიდატურების ოფიციალური წარდგინება შესული არ იყო.

ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან თარხნიშვილმა აღიარა, რომ პრეზიდენტის მიერ ახალი თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენის ვადებთან დაკავშირებული პროცედურები დაირღვა. თუმცა მან ამას ”მცირე დარღვევა” უწოდა.

”რა თქმა უნდა, მცირე დარღვევა არის, მაგრამ არა იმხელა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მთლიანი პროცესი. ეს არის ფასი იმისთვის, რომ შერჩეული იქნას კანდიდატი,”- განუცხადა Civil.ge-ს თარხნიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არ გააკეთებს ”პესიმისტურ პროგნოზს” იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ვადების დარღვევის გამო ჩავარდება. მისი თქმით, კანდიდატურების წარდგენის ”მთავარი დედლაინი” არის 11 იანვარი, როცა ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავმჯდომარის არჩევის თაობაზე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ 11 იანვრამდე არ იქნა მოწვეული ცესკოს სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.

ლევან თარხნიშვილს, რომელიც ცესკოს 2007 წლის ოქტომბრიდან თავმჯდომარეობს, კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1 იანვარს შეუწყდა უფლებამოსილება და ”ითვლება ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის დღემდე”.

თარხნიშვილის განცხადებით, თუ ვადების დარღვევის გამო ცესკოს ახალი თავმჯდომარის დამტკიცების პროცედურა ჩავარდება, არსებობს ”თეორიული შესაძლებლობა”, რომ მან შეინარჩუნოს ეს პოსტი.

ვადების საკითხი საერთოდ არ დამდგარა და არც კი განხილულა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 8 იანვარს გამართულ შეხვედრაზე იმ მონაწილეების თანახმად, ვისაც Civil.ge გაესაუბრა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ მათ ”გამორჩათ” ვადებთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული პირობები. უკვე 8 იანვარს საღამოს მან Civil.ge-ს განუცხადა, რომ კანდიდატურების წარდგენის ”ვადა ნამდვილად დაირღვა”. მისი თქმით, ამჟამად იურისტები მსჯელობენ სიტუაციიდან სამართლებრივ გამოსავალზე.

8 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე გაცხადდა, რომ ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის საია,  ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ეკა სირაძის, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის დასახელებას უჭერს მხარს.

სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის დასახელდა ზურაბ ხარატიშვილი. áƒ˜áƒ¡ ცესკოს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 2008 წლის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების საარჩევნოდ დახარჯულ  თანხებს უწევდა მონიტორინგს. კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატია გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი.

Civil.Ge © 2001-2024