ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები კვლავ არ დასახელებულა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jan.'10 / 21:30

პრეზიდენტ სააკაშვილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამი კანდიდატი 10 იანვარს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უნდა დაესახელებინა, თუმცა ეს შეხვდრა არ შედგა.

10 იანვარს კანდიდატურების დასახელება უკვე წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვადის (8 იანვარი) დარღვევას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაპირველად ბათუმში 20:00 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა ის ჯერ 21:00 საათისთვის გადაიდო, ხოლო შემდგეგ კი 11 იანვრის 12 საათისთვის.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი სამ კანდიდატს დაასახელებს 11 იანვარს, ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს იმავე დღეს მოუწევთ ერთ-ერთის თავმჯდომარედ არჩევა.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ შემდეგი პარტიების დანიშნულ წევრებს: რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ლეიბორისტები, მრეწველები, ქრისტიან-დემოკრატები და ჩვენ თვითონ.

კანონის თანახმად, ექვსი ოპოზიციური წევრიდან სულ მცირე 4 წევრის თანხმობაა საჭირო, რათა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთი აირჩეს ფარული კენჭისყრით ცესკოს თავმჯდომარედ. 

თუ 11 იანვარს ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, ამის შემდეგუ უკვე პარლამენტი აირჩევს სამი კანდიდატიდან 7 დღის ვადაში.

Civil.Ge © 2001-2024