სააკაშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად მეტ დროს ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'10 / 18:47

  • არჩევნები უსაფრთხოების საკითხია;
  • რუსეთს სურს სამოქალაქო დაპირისპირების ”იმიტაცია”.  

    პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების კანონით დადგენილი ვადა დაირღვა, მოუწოდა პარლამენტს გაახანგრძლივოს არსებული პროცედურები.

    ”მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს გააგრძელოს ვადა იმისათვის, რომ მათ შორის ოპოზიციურ ჯგუფებს, ჰქონდეს საშუალება საფუძვლიანად არჩევის წარმოდგენილ კანდიდატებს შორის და მაქსიმალურად ვისწრაფოდეთ, რომ შევთანხმდეთ და მივაღწიოთ კონსენსუსს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”არ გვინდა ხელოვნურად პროცესის დაჩქარება. არა უშავს ორი კვირა აქეთ, ორი კვირა იქით. ეს არაფერს არ ცვლის”.

    ეს განცხადება სააკაშვილმა დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრისას გააკეთა, სადაც ცესკოს პოტენციურ კანდიდატებზე უნდა ემსჯელათ.

    დეკემბერში პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტ სააკაშვილს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე სამი კანდიდატურა 8 იანვრისთვის უნდა შეერჩია და წარედგინა ცესკოს ოპოზიციური წევრებისთვის ასარჩევად. თუმცა კანონით დადგენილი ეს ვადა დაირღვა, ხოლო კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან 11 იანვარს გაიმართა, ნაცვლად დაგეგმილი 10 იანვრისა.

    მოგვიანებით, ორშაბათს საღამოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცესკოს ოპოზიციურ წევრებს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს ”დღეს ან მაქსიმუმ ხვალ დილით” წარუდგენს. áƒ˜áƒ›áƒáƒ•áƒ“როულად, პრეზიდენტის განკარგულებით პარლამენტი მოიწვევს რიგგარეშე სხდომას 12 იანვარს, სადაც მიღებული იქნება ვადებთან დაკავშირებული ცვლილება საარჩევნო კოდექსში. ამ ცვლილების თანახმად, ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა ახალი თავმჯდომარე არაუგვიანეს 14 იანვრისა უნდა აირჩიონ; თუ სამიდან ვერცერთი კანდიდატი საჭირო ოთხ ხმას ვერ დააგროვებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და თავმჯდომარეს უკვე 21 áƒ˜áƒáƒœáƒ•áƒ áƒáƒ›áƒ“ე საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

    სააკაშვილმა განაცხადა, რომ კანონით ”ძალიან ცოტა” დრო იყო განსაზღვრული კანდიდატურების შესარჩევად, რაც ”არ იყო სწორი”.

    ”ცუდია, რომ პარლამენტმა დანიშნა თავის დროზე 7, 8, 9 იანვარი [კონსულტაციებისთვის], რაც საქართველოში ტრადიციულად არ არის საუკეთესო დრო პოლიტიკური ან რამე სხვა აქტიურობისთვის. და ჩვენ უკანა შესასვლელიდან არაფერს არ უნდა ვაკეთებდეთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

    ”მე ვთხოვ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ არ ინერვიულონ და არ ჩათვალონ, რომ მათზე რაიმე ზეწოლაა. პირიქით, დრო აქვთ სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და ყველანი ერთად შევთანხმდეთ, ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხებზე, რომელიც აქ ექვემდებარება განხილვას,”- აღნიშნა მან.

    მისი თქმით, საქართველოს განვითარებისათვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავარი ამოცანაა ”სამაგალითო არჩევნების” ჩატარება, რადგან რუსეთს დამუშავებული აქვს ”სცენარი” საქართველოს საბოლოო დაპყრობის მიზნით არჩევნების ნიადაგზე სამოქალაქო დაპირისპირების ”იმიტაცია” მოაწყოს.

    ”ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში არის საქართველოში თავისუფალი, სამაგალითო არჩევნების ჩატარება ისე, რომ არავის არანაირი ეჭვები არ ჰქონდეს ამ არჩევნების შედეგებზე,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

    ”საქართველოს მტერს, საქართველოს ოკუპანტს აქვს სრულიად კონკრეტული ამოცანები გააკეთოს იმიტაცია საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების - იმიტაცია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - და შემდეგ ამის ნიადაგზე განახორციელოს ინტერვენცია და საქართველოს საბოლოო დაპყრობა,”- განაგრძო მან.

    ”საერთოდ ეჭვგარეშეა, რომ ეს არის სცენარი და ასევე აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ ისინი ამას ვერ განახორციელებენ,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

     

     

     

     

     

  • Civil.Ge © 2001-2024