ცესკოს თავმჯდომარეობის პოტენციური კანდიდატები დასახელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'10 / 18:30

პრეზიდენტ სააკაშვილთან 11 იანვარს გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ათზე მეტი კანდიდატი წარადგინეს, რომელთაგანაც პრეზიდენტი სამ კანდიდატს შეარჩევს და დღეს ან ხვალ დილით წარუდგენს ცესკოს ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად.

კანონის თანახმად, მთელი ეს პროცესი 11 იანვარს უნდა დასრულებულიყო. თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს კანონში ცვლილებების შეტანის გზით ვადების გადაწევა სთხოვა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12 იანვარს ჩატარდება, სადაც განიხილავენ პრეზიდენტის მიერ საარჩევნო ვადებთან დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებას საარჩევნო კოდექსში. 

ინიციატივის თანახმად, ცესკოში წარმოდგენილ 6 ოპოზიციურ პარტიას კანდიდატების თაობაზე კონსულტაციებისათვის დამატებით სამი დღე მიეცემათ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მათ სხდომა უნდა გაიმართონ არაუგვიანეს 14 იანვრისა და სულ მცირე ოთხი ხმით უნდა გამოავლინონ ცესკოს ახალი თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით. 

”თუ ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიციური áƒ¬áƒ”ვრები ვერ შეძლებენ თავმჯდომარის არჩევას, მაშინ პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს,”- განაცხადა მანჯგალაძემ, ”საბოლოოდ, ბოლო ვადა ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის არის 21 იანვარი - ეს იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი ცესკოში ოთხი ხმის დაგროვებას ვერ შეძლებს”.

პრეზიდენტთან 11 იანვარს გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან: ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი (რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა დაასახელა); ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით აფრასიძე; ჟურნალისტი და სატელევიზიო გადაცემის წამყვანი დავით პაიჭაძე; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე (მის კანდიდატურას ათამდე ორგანიზაცია უჭერს მხარს); საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც წარსულში უკვე იყო ცესკოს თავმჯდომარე; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა; კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი; აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე; ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი სერგო რატიანი; ადვოკატი კახა სოფრომაძე, რომელიც ადრე სამართლიან არჩევნებში მუშაობდა; ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს იმ ჯგუფის წევრი, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსებს უწევდა მონიტორინგს. სიაში ასევე შედიან რამაზ ბედიანიძე; ახალი თაობა - ახალი ინიციატივის ყოფილი წევრი ირაკლი ყიფშიძე და ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი; თუმცა, ამ უკანასკნელს არ გააჩნია საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი, რაც სავალდებულოა ცესკოს თავმჯდომარისთვის.

Civil.Ge © 2001-2024