სამი ოპოზიციური პარტია ცესკო-ში თავმჯდომარის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jan.'10 / 16:51

ექვსიდან ცესკოს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობას, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან მათთვის ყველა მიუღებელია.

ცესკოში წარმოდგენილი დანარჩენი სამი პარტია - ქრისტიან-დემოკრატები, ჩვენ თვითონ და მრეწველები - აცხადებენ, რომ მათთვის ლევან თარხნიშვილის კანდიდატურა მიუღებელია, თუმცა აპირებენ კონსულტაციები გამართონ ზურაბ ხარატიშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

თუმცა ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად ცესკოში წარმოდგენილი სულ მცირე ოთხი ოპოზიციური წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

სხდომა ამ საკითხზე 14 იანვარს არის დანიშნული და თუ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, ცესკოს თავმჯდომარეს არსებული სამი კანდიდატიდან 21 áƒ˜áƒáƒœáƒ•áƒ áƒáƒ›áƒ“ე აირჩევს პარლამენტი, სადაც გადაწყვეტილებებს მმართველი პარტია იღებს.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი: ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2007 წლიდან ცესკოს თავმჯდომარეა და ამჟამადაც მოვალეობას ასრულებს; ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; და ოთარ სიჭინავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 12 იანვარს წარუდგინა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ სამივე მათგანი ”პროფესიონალიზმისა” და ”პოლიტიკური აქტიურობისაგან დისტანცირების” კრიტერიუმებით შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულთა სიიდან.

”მთავარი არგუმენტი [ლევან თარხნიშვილის წარდგენისას] ორგანიზაციის [თავისუფლების ინსტიტუტის] მხრიდან იყო პროფესიონალიზმი. თარხნიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის დროს შეძლო ძლიერი პროფესიული გუნდის შეკრება და სისტემის ჩამოყალიბება,”- განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ რომელი კანდიდატი იქნება არჩეული, ეს უკვე ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალების გადასაწყვეტია.  

”ახლა უკვე ჯერი ოპოზიციაზეა,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, ”ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. ველოდებით, რომ ამ ერთ შემთხვევაში მაინც აიღებენ რაღაც დოზით პასუხისმგებლობას”.

თუმცა ცესკოში თავმჯდომარის არჩევამდე ერთი დღით ადრე კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს: ”ჩვენ არ ვაპირებთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას. გადავწყვიტეთ, რომ არ დავუჭიროთ მხარი არცერთ კანდიდატს”.

ლეიბორისტ კახა ძაგანიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს ”ფარული მაქინაციებით” ოთხი სავალდებულო ხმის მოპოვებას.

”ლეიბორისტული პარტია უნდობლობას უცხადებს წარმოდგენილ კანდიდატებს და უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს კანდიდატებთან კონსულტაციებსა და ცესკოს არჩევნებში,”- განაცხადა ძაგანიამ.

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ცესკოში წარმოდგენილი რესპუბლიკური პარტიის პოზიციას გამოხატავს, 13 იანვარს განაცხადა: ”ერთი თარხნიშვილის ნაცვლად მივიღეთ სამი თარხნიშვილი. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა... ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ რომელიმე ამ კანდიდატურას მხარი დავუჭიროთ”.

პარტია ჩვენ თვითონ-ის ლიდერმა, დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ áƒžáƒ áƒ”ზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც ”კითხვის ნიშნებს ბადებენ”, არის ”პოლიტიკური პარტიების შანტაჟი”.

”თუ ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ კანდიდატი დაამტკიცოს პარლამენტმა და ეს იყოს თარხნიშვილი, რომელიც ყოვლად მიუღებელია,”- განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024