ცესკოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jan.'10 / 17:59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ახალ თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი áƒáƒ˜áƒ áƒ©áƒ˜áƒ ხუთი წლის ვადით პარლამენტმა 15 იანვარს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე.

42 წლის ზურაბ ხარატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია 2008 წლის თებერვლიდან, იგი არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით. მისი საარჩევნო გამოცდილება უკავშირდება ცესკოს იმ ჯგუფის წევრობას, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსებს უწევდა მონიტორინგს.

ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია ალპემ დაასახელა.  

მასთან ერთად ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი იყო ლევან თარხნიშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დეპუტატების საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა.

ლევან თარხნიშვილმა, 2007 წლიდან ცესკოს თავმჯდომარემ და ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელმა, კენჭისყრების დაწყებამდე მოუწოდა პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ არ დაეჭირათ მხარი მის ამ თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის.

თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ბოლო ორი წლის განმავლობაში მისგან ”მტრის ხატს” ქმნიდნენ, თუმცა, მისი თქმით, ”არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც შუალედური არჩევნები არ გაყალბებულა”.

პარლამენტში თავმჯდომარის არჩევის პროცედურამ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა არ გააკეთეს არჩევანი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მათთვის მიუღებელი იყო.

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით ოპოზიციამ არჩევანის შანსი ხელიდან გაუშვა და პასუხიმგებლობის აღებას აარიდა თავი.

”ახლა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა კენჭისყრის წინ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა.

პარლამენტში ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, გარდა გია თორთლაძისა, განაცხადეს, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. თუმცა ქრისტიან-დემოკრატებმა ასევე გააკრიტიკეს ოპოზიციის ის ნაწილიც, რომლებმაც ცესკოში თავმჯდომარის არჩევას ბოიკოტი გამოუცხადეს.

კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და რესპუბლიკელებმა თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადეს წარმოდგენილ კანდიდატურებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ ზურაბ ხარატიშვილის ფიგურა შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ასოცირდებოდა.

იმავდროულად, დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამი წევრის არჩევას, თითო ვაკანსიაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2-2 კანდიდატიდან.  

ცესკოში ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2010 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილების ვადა ამოეწურა სამ წევრს, მათ შორის გიზო მჭედლიძეს, რომელიც 2005 წლიდან ცესკოს მდივანი იყო და დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელახლა იქნა არჩეული.

მჭედლიძესთან ერთად ცესკოს ახალი წევრები გახდნენ თამაზ შარმანაშვილი - აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე; და კონსტანტინე კირვალიძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თანაშემწე. 

 

Civil.Ge © 2001-2024