მოსკოვი ჟენევის დისკუსიებზე განსახილველ საკითხებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jan.'10 / 18:40

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდზე, რომელიც 28 იანვარს არის დაგეგმილი, რუსეთი კვლავ დააყენებს ძალის არ გამოყენების შესახებ თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის შეთანხმებების გაფორმების საჭიროებისა áƒ“ა საქართველოს გადაიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

”იმ პირობებში, როცა თბილისიდან საომარი რიტორიკა გრძელდება, საქართველოს ხელისუფლებისაგან გამუდმებით ისმის მოწოდებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ფასად აღდგენის თაობაზე, ქართული სამხედრო ყოფნა იზრდება და ხდება მანევრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ახლოს, საკითხი სოხუმისა და ცხინვალისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის შესახებ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს,”-  აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 21 იანვარს.

საქართველოს განცხადებით, ძალის არ გამოყენების შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა შეიცავდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ყველა ”პასუხისმგებელმა” ქვეყანამ უნდა გაიაზროს ის შედეგები, რაც შეიძლება თბილისისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ”გაუხმაურებელ” მიწოდებას მოჰყვეს.

”გადაჭრას საჭიროებს საქართველოს რემილიტარიზაციისა და მისი თავდასხმითი სამხედრო პოტენციალის აღდგენის პრობლემები, რომელთაც პერსპექტივაში შეუძლიათ კვლავ მიიყვანოს ამიერკავკასიაში ვითარების გამწვავებასთან რეგიონის ხალხებისა და ქვეყნებისთვის არაპროგნოზირებადი შედეგებით,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, ”თბილისის ამჟამინდელი ავანტიურისტული რეჟიმის დაჩქარებული შეიარაღება გამოიწვევს დაძაბულობის ახალ ტალღასა და ახალი საფრთხეების წარმოქმნას მეზობელი ქვეყნებისთვის, პირველ რიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის”.

რუსული მხარე ასევე აპირებს ჟენევაში წინ წამოწიოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაკავებულ და დაკარგულ პირთა პრობლემის მოგვარების საკითხი, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ”ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის”.  ცხინვალი ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ვიდრე მისი დაკარგული მოქალაქეების ბედი არ გაირკვევა.

Civil.Ge © 2001-2024