სასამართლომ ვახტანგ მაისაია ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jan.'10 / 12:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მაისაიას, რომელიც 2009 წლის მაისში დააკავეს, ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევა. ამ მუხლის პირველი პუნქტი ეხება უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას ან გადაცემას; ხოლო მეორე პუნქტი - ”ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ ჯაშუშობას”.

მაისაია ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

საქმის სასამართლო მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და გამოძიების და სასამართლოს საქმის მასალები კონფიდენციალური რჩება.

ვახტანგ მაისაია, რომელიც 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორია და ადგილობრივ მედიაში ხშირად აკეთებდა ექსპერტულ კომენტარს სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი დაკავებიდან მეორე დღეს, 6 მაისს განაცხადა სამხედრო სარდლობასთან შეხვედრაზე, რომ  მაისაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას. ”ის გადასცემდა [აგვისტოს ომის დროს] საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ განცხადებამ მაისაიას კოლეგების პროტესტი გამოიწვია. ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოქვეყნეს, რომელშიც პრეზიდენტი მაისაიას უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევის გამო გააკრიტიკეს.  

Civil.Ge © 2001-2024