საქართველო Eutelsat-ს ცენზურაში ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Feb.'10 / 14:43

პრეზიდენტი თვლის, რომ Eutelsat-ის მიერ ”პირველი კავკასიურის” სატელიტური მაუწყებლობის áƒ’ათიშვა ”საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალიან საშიში პრეცედენტია”, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

”იმედია, რომ დემოკრატიის სამშობლოში მთავრობა პოლიტიკოსებიც და მედიაც დაეხმარებიან ამ არხს ეთერში დაბრუნებაში,”- აღნიშნა მან, ”ეს იგივეა, რომ საქართველოს BBC ან CNN ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით”. 

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც Eutelsat-ს პარიზის სასამართლოში უჩივის,  განაცხადა, რომ Eutelsat-ის გადაწყვეტილება გაეუქმებინა თავისი თავდაპირველი შემოთავაზება, რომლის თანახმადაც ”პირველი კავკასიური” W7 სატელიტზე, 36 გრადუსზე განთავსდებოდა (ეს პოზიცია ”პირველი კავკასიურისთვის” ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ფარავს რუსეთს და დსთ-ს სხვა ქვეყნებს, ასევე ევროპას) უკავშირდება ”გაზპრომ მედია ჯგუფისა” და Eutelsat-ს შორის გარიგებას. ”გაზპრომ მედია ჯგუფი” რუსეთის უმსხვილესი სატელევიზიო ქსელის NTV-Plus-ის მფლობელია.  

15 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ”პირველმა კავკასიურმა” სატელიტური მაუწყებლობა დაიწყო, Eutelsat-მა განაცხადა, რომ მან შეთანხმებას მიაღწია მოსკოვში განთავსებულ სატელიტურ კომპანია Intersputnik-თან. ამ შეთანხმების მიხედვით, Intersputnik-ი Eutelsat-ის W7 სატელიტზე 16 ტრანსპონდერს იქირავებს, რათა მოხდეს NTV-Plus-ის სერვისების უზრუნველყოფა.

”ჯერ რუსეთში მოხდა თავისუფალი აზრის დაბლოკვა და შემდეგ ”გაზპრომმა” მოახერხა დასავლეთში ბევრ მედია-საშუალებაზე კონტროლის მოპოვება. სცადა პარალელური რეალობის შექმნა და ახლა რუსეთის ფარგლებს გარეთაც კეთდება ალტერნატიული აზრის დაბლოკვა,”- განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა და დასძინა: ”გაზპრომთან” კაპიტულაციის ასეთი პრეცედენტის დაშვება, უპირველესად, საშიშია თავად ევროპული დემოკრატიისათვის”.

მისი თქმით, რუსული არხები საქართველოში მაუწყებლობენ სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით.

ის რუსული არხები, რომლებიც ახალ ამბებს გადმოსცემენ, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გათიშულია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა საკაბელო ქსელებმა შესაბამისი ინსტრუქციები მიიღეს მთავრობისაგან. თუმცა ეს რუსული არხები ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც სატელიტური თეფშები აქვთ.

ევროპის წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა Eutelsat-მა თავისი გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივი უარყო და განაცხადა, რომ ”პირველ კავკასიურს” შეუძლია სატელიტური მაუწყებლობის განახლება, როგორც კი კონტრაქტს მოეწერება ხელი.

”ჩვენი მხრივ, არ უნდა იყოს რაიმე მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დავდოთ კონტრაქტი მათთან,” - იტყობინება AFP Eutelsat-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე ვანესა ო’კონორზე დაყრდნობით.

თუმცა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ ოპერატორმა ახალი პირობები წამოაყენა კონტრაქტში, რაც ჩვენთვის ”აბსოლუტურად მიუღებელია”.

გავრცელებული ინფორმაციით, Eutelsat-ი სატელიტზე სხვა ადგილს სთავაზობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს და არა იმას, რომელიც ”პირველ კავკასიურს” 15 იანვრიდან ეკავა. თუმცა, ამ შემოთავაზებაზე ტელეკომპანიამ უარი განაცხადა, რადგანაც ის ზუსტად არ ფარავდა იმ გეოგრაფიულ არეალს, რომელზე ტელეკომპანია იყო დაინტერესებული.

 

Civil.Ge © 2001-2024