არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ომზე ინფორმაციას ჰააგის სასამართლოს პროკურორს აცნობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Feb.'10 / 17:49

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი 2 თებერვალს ჰააგაში განთავსებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ლუის მორენო ოკამპოს 2008 წლის აგვისტოს ომზე ანგარიშის სამუშაო ვერსიას გააცნობს, იტყობინება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია).

ამავე ცნობით,  რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიშს, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება, ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია: საია,  კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი  ”21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი ამზადებს.

ანგარიში 1055 დევნილის ჩვენებას და საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ თავმოყრილი ფაქტებისა და დოკუმენტური მასალების ანალიზს ეფუძნება.

”სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ე.წ ”სამშვიდობო ოპერაციის”  ამოცანას წარმოადგენდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და მისი მოსაზღვრე სოფლებიდან ეთნიკური ქართველების განდევნა.  2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდა იყო კარგად ორგანიზებული და სისტემური ხასიათის ოპერაცია,”- ნათქვამია საიას პრეს-რელიზში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მიუხედავად იმისა, ”თუ რა სიდიდის ან გავლენისაა სახელმწიფო”.

საიას ინფორმაციით, ომზე ანგარიშის სამუშაო ვერსიის გაცნობის სურვილი პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ თავად გამოთქვა.

ოკამპომ 2008 წლის 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო საქართველოში ომის შესახებ ინფორმაციის ანალიზს ახორციელებდა.

”საქართველო რომის სტატუსის მონაწილე სახელმწიფოა,”- აცხადებდა პროკურორი 20 აგვისტოს გავრცელებულ პრეს-რელიზში, ”ჩემი კანცელარია ყურადღებით იხილავს მთელ ინფორმაციას მის იურისდიქციას დაქვემდებარებული, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებების შესახებ”.

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დამოუკიდებელი მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც იძიებს საქმეებს და დევნის პირებს სამხედრო დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და გენოციდის ბრალდებებით.

როგორც Civil.Ge-ის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისში განუცხადეს, პროკურორის წარმომადგენლები აპირებენ ეწვიონ საქართველოს და რუსეთს, რათა გაარკვიონ თუ მიმდინარეობს ორივე ქვეყნის ხელისუფლების მიერ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ”იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ქონდა კონფლიქტის დროს.”

ვიზიტის თარიღები ჯერ განსაზღვრული არ არის.

როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისში განმარტავენ, მსგავსი ვიზიტები ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ხდება საკითხის წინასწარი შესწავლა. პროკურორის წარმომადგენლები საქართველოს 2008 წლის ნოემბერშიც სტუმრობდნენ.

პროკურორის ოფისმა რუსეთის და საქართველოს მთავრობებისგან ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გამოითხოვა, რაზეც მათ ორივე ქვეყნიდან პასუხები მიიღეს.

Civil.Ge © 2001-2024